ფეხბურთი

1:24 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორი ავტოგოლი 6 წუთში: "მანჩესტერმა" უპირატესობა გაანიავა, "იუვემ" მძიმედ მოიგო

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ყველაფერი ღიაა - ნახევარფინალისტების ვინაობა არცერთ წყვილში გამოკვეთილა.

მთავარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „სევილიას“ დაპირისპირება იყო: ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი და ტურნირის ყველაზე მეტჯერ მომგები გუნდების დუელი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა.

„მანჩესტერმა“ მარსელ ზაბიტცერის დუბლით დასაწყისშივე უპირატესობა მოიპოვა და საქმე მშვიდ, კომფორტულ გამარჯვებამდე მიჰყავდა. თუმცა, 84-ე და 90-ე წუთებზე ორჯერ გაუშვა და ორჯერვე ავტოგოლი! ჯერ მალასიამ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ ჰარი მაგუაირმა და ფრე 2:2. რასაკვირველია, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი წყვილში ფავორიტად რჩება, მაგრამ „სანჩეს პისხუანზე“ გასვლა ადვილი არ იქნება.

საფეხბურთო სამყაროს ისევ აოცებს ბელგიური „უნიონ სენ-ჟილი“, რომელმაც „ლევერკუზენთან“ სტუმრად არ წააგო. ეგ კი არა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ფლორიან ვირტცის გოლი რომ არა, გერმანიაში სულაც მოიგებდა - 1:1.

როტერდამში „ფეიენოორდმა“ „რომას“ 1:0 აჯობა. არადა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა, სანამ გოლს გაუშვებდა, პენალტი ვერ გაიტანა. ნიდერლანდელებმა უპირატესობა მოიპოვეს. ასევე ერთბურთიანი უპირატესობა ექნება საპასუხო მატჩში „იუვენტუსს“, რომელმაც შინ „სპორტინგი“ უმძიმეს ბრძოლაში ფედერიკო გატის გოლით დაამარცხა. პორტუგალიელები უპირატესობა ფლობდნენ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს. გატიმ კი ტურინულ გრანდში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში გულის პრობლემების გამო ვოიცეხ შჩესნი შეცვალეს, რომლის პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შედეგებით, ყველაფერი რიგზეა.

ევროპა ლიგაზე საპასუხო მატჩები ზუსტად ერთ კვირაში, 20 აპრილს გაიმართება.

„ლევერკუზენი“ – „უნიონ სენ-ჟილი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბონიფასი (51), 1:1 ვირტცი (82)

„იუვენტუსი“ – „სპორტინგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გატი (73)

„მანჩესტერი“ – „სევილია“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ზაბიტცერი (14), 2:0 ზაბიტცერი (21), 2:1 მალასია (84, ა.გ), 2:2 მაგუაირი (90, ა.გ)

„ფეიენოორდი“ – „რომა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვიფერი (53)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113409