ფეხბურთი

1:04 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ისევ მოიგო: "ნაპოლის" საპასუხო მატჩის წინ პრობლემები აქვს

„მილანმა“ „ნაპოლი“ ბოლო 10 დღეში მეორედ დაამარცხა. ამჯერად არა ფეერიული 4:0-ით, არამედ პრაგმატული 1:0-ით, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

ისევ გამოჩნდა ვიქტორ ოსიმენის ძალა და მნიშვნელობა. ნიგერიელი ფორვარდის არყოფნაში, ჯოვანი სიმეონეს ტრავმისა და ჯაკომო რასპადორის არასათანადო კონდიციების გამო ლუჩანო სპალეტიმ თამაში ცრუ ცხრიანით დაიწყო, სადაც ელიფ ელმასი მოქმედებდა.

უფრო სწორად ვერ მოქმედებდა, რადგან ჩრდილომაკედონიელი ძალიან ჩრდილში იყო, ბურთი პრაქტიკულად არ მიუღია და იტალიურ მედიაში საინტერესო ამბავიც გავრცელდა: პირველ ტაიმში მისი გვარი ტელეკომენტატორს საერთოდ არ უხსენებია. ეს ნათლად აღწერს სიტუაციას - „ნაპოლი“ პრაქტიკულად 10 კაცით იყო.

„ნაპოლიმ“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო, აქტიურად და ინტენსიურად. შედეგად, საწყის 15 წუთში რამდენჯერმე შეეძლო დაწინაურება. 55-ე წამზე ყველაზე რეალური მომენტი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა, მეკარე კარში არ იყო, მაგრამ იყვნენ დავიდე კალაბრია და რადე კრუნიჩი, რომლებმაც ერთობლივი ძალებით კარის ხაზზე შეაჩერეს ქართველის დარტყმა, თორემ გოლი გარდაუვალი იყო.

მერეც ლუჩანო სპალეტის გუნდმა გააგრძელა შეტევები: ერთხელ ჯოვანი დი ლორენცომ ააცილა ოდნავ, მერე მაიკ მენიომ მოიგერია პიოტრ ჟელინსკის ძალიან სახიფათო დარტყმა. ნახევარი საათი „ნაპოლი“ კარგი იყო, დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ტაიმის მონაკვეთში ვითარება შეიცვალა.

„მილანმაც“ დაიწყო სახიფათო მომენტების შექმნა და რაფაელ ლეაოს დრიბლინგის დაგვირგვინებამდე სანტიმეტრები დააკლდა. სამაგიეროდ, მე-40 წუთზე მილანელთა კონტრშეტევა გოლით ისმაელ ბენასერმა დაასრულა. პირველი ტაიმის ორი ბურთით მოგებასთან „როსონერი“ ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე სიმონ კიაერის თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო: „ნაპოლი“ უკეთესად თამაშობდა, თუმცა, ისეთი მწვავე მომენტები ვეღარ შექმნა, როგორიც პირველ ტაიმში. დროის გასვლასთან ერთად კი „მილანი“ უკეთესი გახდა. 74-ე წუთზე ნეაპოლელთა მდგომარეობა საერთოდაც დამძიმდა, რადგან ზამბო ანგისამ მოკლე მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. შესაბამისად, ის საპასუხო მატჩს გამოტოვებს, ისევე როგორც კიმ მინ-ჯე, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის ზღვარზე იყო. ასე რომ, „აძურის“ მდგომარეობა დამძიმდა.

რიცხობრივ უმცირესობაში „ნაპოლის“ 87-ე ორი სუპერმომენტი ჰქონდა, მაგრამ დი ლორენცოს მენიომ სასწაულებრივ აჯობა და მე-5 სეივი მიითვალა, ხოლო ამას კუთხური და მატიას ოლივერას თავური მოჰყვა, რომელიც კარს ძალიან მცირე მანძილიდან ასცდა. ეს იყო და ეს, პირველი დუელი „მილანმა“ მოიგო, შედეგად, საპასუხო მატჩს უპირატესობით შეხვდება.

81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს. მას არ ჰქონია სამწუხაროდ, საუკეთესო თამაში. მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 33 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი ნეაპოლში 18 აპრილს, გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც.

„მილანი“ – „ნაპოლი“ 1:0 (1:0)

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-3-3): მენიო; კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი; ბენასერი (სელმაკერსი 67), ტონალი; ბრაჰიმი დიასი (რებიჩი 80), კრუნიჩი, ლეაუ

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი (ოლივერა 81); ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (ნდომბელე 81); ლოზანო (რასპადორი 69), ელმასი, კვარაცხელია (პოლიტანო 81)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 1:0 ბენასერი (40)

გაფრთხილება: ბენასერი (61), სელმაკერსი (90), კალაბრია (90) - ჟელინსკი (38), ანგისა (71, 75), დი ლორენცო (71), კიმი (79), რაჰმანი (90)

გაძევება: ანგისა (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 14 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156937