კალათბურთი

2:00 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს სეზონი ორმაგი დუბლით და რეკორდით დაასრულა (+VIDEO)

„სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ს სეზონი მოგებით, სანდრო მამუკელაშვილმა კი მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდით დაასრულა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გასვლაზე „დალას მავერიქსს“ იოლად, 138:117 აჯობა. ტეხასელებმა პირველივე პერიოდში 28-ქულიანი(!) უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან არ გაუშვიათ.

შესანიშნავად ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ისევ სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა 31:27 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. როდესაც ის მოედანზე იყო, „სან ანტონიომ“ მეტოქეზე 27 ქულით მეტი ჩააგდო.

„სპურსში“ მამუკელაშვილზე შედეგიანი არავინ იყო, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ ჯადენ ჰენდრიმ აჯობა, რომელმაც მასზე 2 ქულით მეტი ჩააგდო და 25 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ 23 ქულა მამუკელაშვილისთვის, როგორც „სან ანტონიოში“, ისე 2022-2023 წლების სეზონში საუკეთესო შედეგია. ზოგადად, NBA-ს კარიერაში კი მას გასულ სეზონში ერთხელ 28 ქულა ჰქონდა.

„სან ანტონიომ“ NBA დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 60 წაგებით ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა. მოგეხსენებათ, მამუკელაშვილმა სეზონი „მილუოკიში“ დაიწყო, ხოლო „სპურსს“ მარტის დასაწყისში შეუერთდა.

სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ საშუალოდ 23.3 წუთში (სულ 19 თამაში) 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.4 პასს, 0.5 ჩაჭრას და 0.4 დაფარებას აგროვებდა. შედარებისთვის „მილუოკიში“ მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 9 წუთი (სულ 24 თამაში), 2.4 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.7 პასი, 0.2 ჩაჭრა და 0.2 დაფარება. შედეგად, „სპურსში“ მისი სათამაშო დრო ბევრად გაიზარდა.

შედეგად, მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა NBA-ს 2022-2023 წლების სეზონში ასეთი გამოვიდა: 15.3 წუთი (43 მატჩი), 6.1 ქულა, 4.3 მოხსნა, 1.4 პასი, 0.3 ჩაჭრა და 0.3 დაფარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125591