ფეხბურთი

22:07 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დერბის დრამატული ფინიში: "დინამომ" "ტორპედო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედო“ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

წაგებას არცერთი გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ბოლოსკენ იმერლებს იღბალმა ზურგი აქცია. იქამდე, „დინამომ“ ანგარიში პირველი ტაიმის მეორე კომპენსირებულ წუთზე გახსნა, როდესაც ულად-ომარ იმრანმა ძალიან ზუსტი დიაგონალური დარტყმით გაიტანა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა 78-ე წუთზე გაათანაბრა: ნიკა კაჭარავას პასით გიული მანჯგალაძე აღმოჩნდა კარგ პოზიციაში და გატანა არ გასჭირვებია. ეს ანგარიში მხოლოდ 3 წუთი შენარჩუნდა, რადგან მალევე მასპინძლები ვაგნერ გონსალვეშმა დააწინაურა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი „დინამო თბილისი“ ერთ მომენტში ოთხჯერ გადაურჩა გოლს! ორი დარტყმა მეკარემ მოიგერია, ორჯერაც ბურთი კარის ხაზიდან დავით სხირტლაძემ გამოიტანა! დაუჯერებელი მომენტი იყო, მაგრამ ფაქტია, მოქმედი ჩემპიონი გოლს გადაურჩა.

„დინამო თბილისი“ 19 ქულით „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერია და 12 აპრილს, მომდევნო ტურში სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. „ტორპედომ“ პირველი მარცხი განიცადა, 12 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, წინ კი „შუქურასთან“ მატჩი აქვს.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 იმრანი (45), 1:1 მანჯგალაძე (78), 2:1 ვაგნერი (81)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114805