ფეხბურთი

20:32 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი სერია A-ში, "კრემონეზემ" მოიგო (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „კრემონეზემ“ პირდაპირი კონკურენტი „სამპდორია“ სტუმრად 3:2 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა!

თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კრემონეზე“ ორჯერ აგებდა, უფრო კონკრეტულად 85-ე წუთამდე ანგარიში 1:2 იყო, მაგრამ ლუკა შეტევაში ჩაერთო და წონასწორობა აღადგინა. ეს ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი იყო „კრემონეზესა“ და სერია A-ში.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი ლუკა სერნიკოლამ ულამაზესი გოლი შეაგდო და დავიდე ბალარდინის გუნდმა 3:2 მოიგო. ეს კრემონელთა მეორე გამარჯვებაა სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მანამდე შინ „რომა“ დაამარცხა. შედეგად, 16 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, სწორედ „სამპდორიას“ გადაასწრო, თუმცა, სამშვიდობო ზონასთან ჩამორჩენა დიდია (10-ქულიანი). ბალარდინის გუნდი მომდევნო ტურში 14 აპრილს, „ემპოლის“ უმასპინძლებს.

ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა. ის მეოთხე ქართველი ფეხბურთელი გახდა კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელმაც იტალიის სერია A-ში გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127532