ფეხბურთი

22:47 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელის შესანიშნავი დებიუტი: იოლი მოგება "დორტმუნდთან" და "ბაიერნი" ისევ გალიდერდა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნმა“ სანაკრებო პაუზა მეორე ადგილზე გაატარა, მაგრამ პირველი პოზიცია მალევე დაიბრუნა.

სანაკრებო პაუზაზე იყო იულიან ნაგელსმანის გათავისუფლება და ტომას ტუხელის დანიშვნა. მისი მიუნხენური კარიერის დასაწყისი კი ბრწყინვალეა: „ბაიერნმა“ უშუალო კონკურენტი „დორტმუნდი“ ძალიან იოლად დაამარცხა, ბოლოს ყურადღება რომ არ მოედუნებინა, მეტოქეს გაანადგურებდა კიდეც.

„რეკორდმაისტერმა“ მე-13 წუთიდან 23-ე წუთამდე გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან მეტოქეს 10-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაუტანა. დუბლი შეასრულა ტომას მიულერმა, ჩვეულ სტილში - სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოჩნდა. თუმცა, მიულერის დუბლამდე იყო „დორტმუნდის“ მეკარის, კობელის უხეში შეცდომა, როდესაც ბურთს ფეხი ააცილა, უფრო სწორად კარგად ვერ დაახვედრა ფეხი და გოლი გავიდა.

მეორე ტაიმის სტარტზე კინგსლი კომანმაც გაიტანა - 4:0. მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდდა ტუხელის გუნდი, ხოლო „დორტმუნდმა“ ისღა მოახერხა, რომ ორი გოლი გაიტანა და საპატიო ანგარიშით წააგო - 4:2.

ამრიგად, „ბაიერნმა“ 55 ქულა დააგროვა და ისევ გალიდერდა, ხოლო „დორტმუნდი“, რომელმაც მიმდინარე წელს ბუნდესლიგაში პირველი თამაში წააგო 53 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში „ბაიერნი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრება, ხოლო „ბორუსია“ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ხსენებული ოთხი გუნდია ბუნდესლიგაში 26 ტურის შემდეგ საუკეთესო ოთხეულში.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:2 (3:0)

გოლები: 1:0 კობელი (13, ა.გ), 2:0 მიულერი (18), 3:0 მიულერი (23), 4:0 კომანი (51), 4:1 ემრე ჯანი (72, პენ), 4:2 მალენი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107269