ფეხბურთი

0:26 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიული მედია და მწვრთნელი: "ეს არის უსამართლობა და უცნაური გადაწყვეტილება"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს დღეს ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.

მატჩამდე ნორვეგიული გამოცემა nrk.no იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ნორვეგიას ზედიზედ ორი საგარეო თამაშის ჩატარება უწევს, მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა მათთან შეხვედრამდე პრაქტიკულად დაისვენა და სუსტ მონღოლეთთან ისპარინგა.

ნორვეგია შესარჩევ ეტაპს ორი მძიმე გასვლითი თამაშით იწყებს, გარდა ამისა, არის დასვენებული საქართველო, რომელიც ესპანეთის ბრძოლიდან სულ რაღაც 3 დღეში გვეთამაშება. ჩვენი შეფასებით ეს უსამართლობაა. თუმცა, როდესაც საქართველო სექტემბერში „ულევაალზე“ ჩამოვა სათამაშოდ, ესპანეთთან საშინაო თამაშის შემდეგ, ნორვეგიამ დანიშნა ამხანაგური მატჩი იორდანიის წინააღმდეგ „ულევაალზე“ იმავე დღეს, როდესაც საქართველო ესპანეთს შეხვდება“, - წერს ნორვეგიული ვებგვერდი.

ამავე გამოცემასთან დანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე, რომელიც ნორვეგიელია სწორედ ზემოხსენებულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

„არ მესმის, რატომ ტარდება ნორვეგიის ზედიზედ ორი თამაში სტუმრად, როცა გაქვს საშუალება ითამაშო სტუმრად და სახლში. მეორე მატჩი სახლში ბევრად უკეთესი იქნებოდა ნორვეგიისთვის. ეს არის უცნაური და სამწუხარო“, - თქვა მან.

ჰარეიდე ცოტა ხნის წინ დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომლის ხელმძღვანელობით სკანდინავიელებმა 2019 წელს საქართველოს კოპენჰაგენში 5:1 მოუგეს, მაგრამ თბილისში ქულები დაკარგეს (0:0).

„2019 წელს დანიის ნაკრებში მუშაობისას, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო ჯგუფში გვყავდა. „პარკენზე“ გავანადგურეთ და საქართველოში სტუმრად 0-0 ვითამაშეთ. ჩემი აზრით, ამ გუნდისთვის დიდი განსხვავებაა სახლში და გასვლაზე თამაშის მხრივ“, - აღნიშნა ჰარეიდემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

0.418901