ფეხბურთი

19:48 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სორლოთი: "კარგ ატმოსფეროს და საქართველოს ნაკრებთან მძიმე თამაშს ველოდებით"

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდერ სორლოთმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბათუმში კარგ ატმოსფეროს და საქართველოს ნაკრებისგან მოედანზე ბევრ შრომას ელოდება.

„ამ დროისთვის საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაში დამკვიდრებული ვარ, გოლები გამაქვს და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ნაკრებშიც თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ.

ჰოლანდი? როდესაც კარგავ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს, დიდი დანაკლისია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ხანდახან შეიძლება ზედმეტად დამოკიდებული გახდე ერთ ფეხბურთელზე, მაგრამ ახლა ეს არჩევანი არ გვაქვს.

კარგ ატმოსფეროს ველოდებით, რადგან სახლში ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ. საქართველოს ნაკრებისგან მძიმე შრომას ველოდებით. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ფეხბურთს უყურებს და უყვარს, ამას ხედავს. ერთ-ერთზე ძალიან კარგია, გოლები გააქვს, საგოლე პასებს აკეთებს. მასთან დაპირისპირება რთული იქნება. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ეცდება ბურთის ფლობას, შეიძლება ერთი გოლი გადამწყვეტი იყოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა სორლოთმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება. სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს ამ თამაშით დაიწყებს, ხოლო ნორვეგიამ 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 წააგო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნორვეგიასთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მატჩი, 3 წაგება - 1996 წელს სპარინგში 0:1, ხოლო 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:4 და 0:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118879