ფეხბურთი

17:02 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "იმედი მაქვს, რომ ბათუმში კიდევ ერთ კარგ მოგონებას შევიქმნით"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის წინ, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნორვეგია ძლიერი გუნდია, რომელთანაც რთული თამაში იქნება.

„ვიცით, რომ ნორვეგია ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ღირსეული. ჩემი ამოცანაა თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში და იმედი მაქვს, რომ ამას თავს გავართმევ. ინდივიდუალურად ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ არ ვემზადებით, არამედ გუნდურად და გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ.

ბათუმში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, მოუთმენლად ველოდები თამაშს, რომ კიდევ ერთხელ კარგი მოგონება დაგვრჩეს. იმედი მაქვს, გულშემატკივარი ჩვენი თამაშით კმაყოფილი დარჩება. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება, გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება და ვიცით, რომ ჩვენს გვერდით იქნებიან. მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ძლიერ ჯგუფში ვართ. ეს იქნება ტესტი, რომლის საშუალებით ჩვენს ძალებს ნამდვილად შევამოწმებთ. ჰოლანდი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და სამწუხაროა, რომ ვერ ითამაშებს, რადგან საინტერესოც იქნებოდა მასთან დაპირისპირება. ის დიდი დანაკლისია ნორვეგიის ნაკრებისთვის. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში ყოფნა დიდი ბედნიერებაა. გამოცდილი ფეხბურთელები ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს კომფორტი შევუქმნათ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება. სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს ამ თამაშით დაიწყებს, ხოლო ნორვეგიამ 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 წააგო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნორვეგიასთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მატჩი, 3 წაგება - 1996 წელს სპარინგში 0:1, ხოლო 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:4 და 0:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111872