ფეხბურთი

2:06 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ნანატრი მოგება: ევროპის ჩემპიონმა შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა სტარტი აიღო, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრამდე გასტანს და ევრო 2024-ის 20 მონაწილეს გამოავლენს.

C ჯგუფი

ბედის ირონიით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წინა ევროფორუმის ფინალისტების, იტალიისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩით დაიწყო, ნეაპოლში, „სტადიო მარადონაზე“.

იტალიამ 2021 წელს „ეუმბლიზე“ ფინალში ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა, ამჯერად ალბიონელებმა რევანში აიღეს. პირველივე ტაიმში დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა გაიტანეს. კეინი 54 გოლით ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. მეორე ნახევარში იტალიამ დასაწყისშივე გაქვითა ერთი ბურთი, მატეო რეტეგიმ შეაგდო, 23 წლის ნატურალიზებულმა არგენტინელმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. თუმცა, ეს იყო ერთადერთი დარტყმა ინგლისელთა კარში მთელი თამაშის განმავლობაში. შემდეგ ინგლისი ლუკ შოუს გაძევებით რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩა, მაგრამ უფანტაზიო იტალიამ ვერაფერი დააკლო.

ამრიგად, ინგლისმა შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა კი მარცხით. „სკუადრა აძურა“ ფრთხილად უნდა იყოს, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს. საქმე ისაა, რომ ჯგუფში უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებიც არიან (სწორედ მაკედონიამ დატოვა მუნდიალს მიღმა ერთი წლის წინ)...

იტალიის ნაკრებმა ინგლისთან შინ 1961 წლის შემდეგ პირველად წააგო, გარდა ამისა, ინგლისთან ოფიციალური თამაში 1977 წლის შემდეგ პირველად დათმო. „აძური“ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში 1974 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ დამარცხდა, ხოლო ამავე საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით 1999 წლის შემდეგ პირველად წააგო საშინაო თამაში. მოკლედ, რობერტო მანჩინის გუნდმა ბევრი კარგი სერიაც დაასრულა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიამ შინ მალტა გაჭირვებით 2:1 დაამარცხა. მეორე ტურში 26 მარტს, ინგლისი უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო იტალია მალტას ესტუმრება.

ჩრდ. მაკედონია - მალტა 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ელმასი (66), 2:0 ჩურლინოვი (72), 2:1 იანიკი (85)

იტალია - ინგლისი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 რაისი (13), 0:2 კეინი (44, პენ), 1:2 რეტეგი (56)

H ჯგუფი

საკვალიფიკაციო ტურნირი კარგად დაიწყო დანიის ნაკრებმა, რომელმაც შინ ფინეთი დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ბრწყინვალე იყო ბერგამოს „ატალანტას“ ამომავალი ვარსკვლავი რასმუს ჰოილუნი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. 20 წლის ფორვარდისთვის ეს იყო პირველი გოლები ეროვნულ ნაკრებში. სხვათა შორის, ის სეზონის წინ „ატალანტამ“ ოთარ კიტეიშვილის „შტურმიდან“ შეიძინა და იტალიაშიც მაგარი სეზონი აქვს - „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ.

ამავე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ სან მარინოს და სლოვენიამ ყაზახეთს აჯობა. ორივემ სტუმრად. როგორც ხედავთ, არცთუ ისე ძლიერი ჯგუფია, წესით, დანია იოლად გავა, მეორე საგზურისთვის კი ბრძოლა იქნება და ვინც წარმატებას მიაღწევს, ისტორიის ერთ ფურცელსაც დაწერს.

დანია - ფინეთი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოილუნი (21), 1:1 ანტმანი (53), 2:1 ჰოილუნი (82), 3:1 ჰოილუნი (90)

სან მარინო - ჩრდ. ირლანდია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჩარლსი (24), 0:2 ჩარლსი (55)

ყაზახეთი - სლოვენია 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შომუროდოვი (24), 1:1 ბრეკალო (47), 1:2 ვიპოტნიკი (78)

J ჯგუფი

დღეს მატჩები კიდევ ერთ ჯგუფში გაიმართა, სადაც პორტუგალიამ ლიხტენშტეინი იოლად, 4:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. 38 წლის ფეხბურთელმა ჯერ პენალტი გაიტანა, მერე ჯარიმა. მას ნაკრებში 120 გოლი დაუგროვდა, ამასთან რეკორდიც დაამყარა: 197-ე თამაში ჩაატარა და ეს ნიშნავს, რომ სანაკრებო დონეზე მასზე მეტი მატჩი არავის უთამაშია.

ამავე ჯგუფში ბოსნიამ ისლანდიას 3:0 აჯობა, ხოლო ლუქსემბურგი, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, უკვე არახალია - სტუმრად სტანისლავ ლობოტკას სლოვაკეთთან ქულა მოიპოვა.

პორტუგალია - ლიხტენშტეინი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 კანსელუ (8), 2:0 ბერნარდო სილვა (47), 3:0 რონალდუ (51, პენ), 4:0 რონალდუ (63)

ბოსნია - ისლანდია 3:0 (2:0)

გოლები: კრუნიჩი (14), 2:0 კრუნიჩი (40), 3:0 დედიჩი (63)

სლოვაკეთი - ლუქსემბურგი 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126218