ავტოსპორტი

1:03 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთში პერესმა გაიმარჯვა

სერხიო პერესმა საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლა პოულიდან მოიგო. მაქს ფერსტაპენმა კი მე-15 პოზიციიდან მეორეზე გადაინაცვლა და ორივემ „რედ ბულს“ დუბლი მოუპოვა. ამასთან ფერსტაპენმა უსწრაფესი წრეც დააფიქსირა, რისთვისაც ერთი ბინუს ქულა დაიმსახურა და სწორედ ამ ქულის წყალობით, ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

ამგვარად, „რედ ბულმა“ სეზონის პირველი ორივე რბოლა დუბლით დაასრულა. ოღონდ, ამჯერად მისმა პილოტებმა ადგილები გაცვალეს. პერესმა კარიერაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

რბოლა მესამემ დაასრულა ფერნანდო ალონსომ, ვისაც შანსი ჰქონდა, მეასედ ასულიყო კვარცხლბეკზე, მაგრამ 41 წლის ესპანელი, 10-წამიანი ჯარიმით დაისაჯა, რადგან რბოლისას გუნდმა არასწორად მოახდევინა საჯარიმო წამები. თუმცა ამან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დიდად არ დაამწუხრა - ავსტრალიაში ვეცდები დანაკარგის ანაზღაურებასო.

ალონსოს დაჯარიმებით, ჯორჯ რასელმა ისარგებლა და მესამეზე გადაინაცვლა. ეს პირველ ორ რბოლაში, „მერსედესის“ პირველი კვარცხლბეკია. ალონსო მეოთხეზე დარჩა, მეხუთე ადგილი კი ლუის ჰამილტონმა დაიკავა.

სხვათა შორის, ალონსომ რბოლა იმით დაიწყო, რომ სტარტზე პერესი ჩამოიტოვა და 2012 წლის შემდეგ, პირველად ჩაუდგა პელოტონს სათავეში. მაგრამ სტუარდებმა დააფიქსირეს, რომ ესპანელი სტარტი იმაზე წინ იდგა, ვიდრე ეკუთვნოდა. ამისთვის კი მას ხუთწამიანი ჯარიმა გამოუწერეს. მან სასჯელი იმ დროს მოიხადა, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა იყო გამოსული. სტუარდებმა ამჯერადაც დარღვევა დააფიქსირეს და ამჯერად 10 წამით დასაჯეს.

ფერსტაპენმა ხუთ წრეში 5 პოზიციით წინ წაიწია, მე-12 წრეზე კი ჰამილტონს მერვე ადგილისთვის ბრძოლაში გაასწრო. მეოცე წრეზე მან უკვე რასელს შეუტია, რომელსაც მესამე პოზიცია ჰქონდა. ფინიშამდე 13 წრით ადრე, ფერსტაპენმა რადთი თავის გუნდს აუწყა, რომ მაღალ სიჩქარეზე, უკნიდან უცნაური ხმები ესმოდა. ამჯერადაც მას ეჭვი კარდანზე ჰქონდა, მაგრამ ბედად, დაზიანებას გადაურჩა.

საუდის არაბეთის დიდი პრიზი

ჯედა, დისტანცია 308.450 (6.174 კმ, 50 წრე)

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:21:14.894
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +5.355
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +25.866
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +30.728
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +31.055
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +35.876
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +43.162
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +52.832
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +54.747
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +64.826
  11. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +67.494
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +70.588
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +76.060
  14. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +77.478
  15. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +85.021
  16. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) +86.293
  17. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +86.445
  18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +1 круг
  19. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 24 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 42 წრე

უსწრაფესი წრე: მქს ფერსტაპენი - 1:31.906 (50-ე წრე)

პილოტთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 44 ქულა; 2. სერხიო პერესი - 43; 3. ფერნანდო ალონსო - 27; 4. ჯორჯ რასელი - 21; 5-6. კარლოს საინსი და ლუის ჰამილტონი - 20; 7. ლანს სტროლი - 8; 8. შარლ ლეკლერი - 6; 9-11. ვალტერი ბოტასი, ესტებან ოკონი და პიერ გასლი - 4; 12-13. კევინ მაგნუსენი და ალექს ელბონი - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 87 ქულა; 2. მერსედესი - 41; 3. ასტონ მარტინი - 35; 4. ფერარი - 26; 5. ალპინი - 8; 6. ალფა რომეო - 4; 7. უილიამსი და ჰაასი - 1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115171