კალათბურთი

11:25 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსის" წევრია!

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას "სან ანტონიო სპურსში" გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც 23 წლის ქართველზე "მილუოკი ბაქსმა" უარი თქვა და ის გუნდიდან გაუშვა, სანდრომ 2 დღეში ახალი გუნდის მაისური მოირგო.

მართალია, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ტრანსფერები დასრულებულია, თუმცა წესების თანახმად, იმ კალათბურთელებიდან, რომლებიც ბოლო დედლაინის შემდეგ უგუნდოდ დარჩნენ, გაშვებულთა სტატუსს ფლობენ და მათი აყვანა განაცხადში ადგილის მქონე გუნდებს შეუძლიათ. სწორედ ამით ისარგებლა დასავლეთ კონფერენციის ტეხასურმა წარმომადგენელმა და 23 წლის ქართველი გუნდში ისე აიყვანა, კონტრაქტის დეტალები არ გაახმაურა.

NBA-ს 5-გზის ჩემპიონი წლეულს მოკრძალებულად ასპარეზობს. ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით "სპურსს" წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში 16 გამარჯვება და 47 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფება. ტეხასელები პლეი ოფში ვეღარ მოხვდებიან და რეგულარულში დარჩენილი 19 მატჩის შემდეგ სეზონს დაასრულებენ.

ოფიციალურ პრეს-რელიზში, რომელიც "სან ანტონიომ" ქართველი ფორვარდის დამატებასთან დაკავშირებით გაავრცელა, მამუკელაშვილი ცენტრადაა მოხსენიებული. არადა, ის აქამდე მძიმე ფორვარდად თამაშობდა. არაა გამორიცხული, ტეხასელებს სანდრო ცენტრის პოზიციაზე სურდეთ, რადგან გუნდში არ ირიცხებიან სახელიანი ტანმაღალი მოთამაშეები. ყველაზე შედეგიანი ცენტრი ჩარლზ ბასია საშუალოდ 5.2 ქულითა და 5.6 მოხსნით. გორგუი დენგი საშუალოდ 3.1 ქულასა და 2.6 მოხსნას აგროვებს. სწორედ ამიტომ, სანდროს "სან ანტონიოში" მეტი პერსპექტივა აქვს, NBA-ს მატჩებში მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ვიდრე იანის ანტეტოკუმნპოს მყოლსა და საჩემპიონო ამბიციების მქონე "მილუოკი ბაქსს".

მამუკელაშვილი "სან ანტონიოშიც" 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. "სპურსი" 5 მარტს "ჰიუსტონს" უმასპინძლებს და ქართველის დებიუტიც შესაძლოა ტეხასურ დერბიში ვიხილოთ.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123326