ავტოსპორტი

0:17 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ახალი მანქანა საათივით მუშაობს

„მერსედესი“ ტესტების პირველი დღის შემდეგ კმაყოფილი იყო თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის მუშაობით, რომელიც გუნდმა საათის მუშაობას შეადარა. რაც მთავარია, მანქანას აღარ აქვს ხტომის (პორპოსინგის) ეფექტი, რომელიც წინა მანქანის მთავარი პრობლემა იყო.

„მანქანა დასაწყისშივე დაბალანსებულია. არ აქვს ხტუნვის ეფექტი. ეს კარგი ამბავია. ვფიქრობ, ამ სეზონისთვის კარგი ბაზისი გვაქვს. ახლა ჩვენ მანქანის ოპტიმიზაციას შევუდგებით“, - განაცხადა გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა.

„მერსედესმა“ გასული სეზონი გუნდებს შორის მესამე ადგილზე დაასრულა. არადა, წინა რვა სეზონში ბადალი არ ჰყავდა. შარშან მაქს ფერსტაპენი და მისი „რედ ბული“ შეუდარებლები იყვნენ და ორივე ტიტული დაისაკუთრეს. მათ 22-დან 15 რბოლა მოიგეს. ლუის ჰამილტონს ერთი რბოლაც არ მოუგია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან სეზონი მოგების გარეშე დაასრულა.

პირველი დღის შემდეგ, ჰამილტონი ხაზგასმით ამბობდა, რომ მანქანა გამძლეა და არ ფუჭდება, მაგრამ მეორე დღეს, მის თანაგუნდელ ჯორჯ რასელს ჰიდრავლიკამ უმტყუნა და ამის გამო, მან სატესტო დღე იძულებით, ადრე დაასრულა.

ახალი მანქანის მუშაობით კმაყოფილია ტრეკის ინჟინერთა დირექტორი ენდრიუ შოვლინი. ის ამბობს, რომ როგორც წესი, ახალი მანქანის კარგად შეცნობას რამდენიმე დღე უნდა, მაგრამ ანჯერად ყველაფერი გაცილებით უკეთაა: „ჩვენ უკვე ვიცით, უკეთესი ბალანსისთვის რაზე მოგვიწევს მუშაობა. ჩვენ ხელში გაცილებით მშვიდი, უფრო სტაბილური პლატფორმაა, ვიდრე W13 იყო“.

შოვლინი დასძენს, რომ „მერსედესს“ ჯერ ისევ მდევრის როლში ყოფნა მოუწევს, რადგან როგორც ტესტებზე ჩანს, „რედ ბული“ კვლავ კარგ ფორმაშია და „ფერარიც“ პრობლემის გარეშე ემზადება. მაგრამ ის თვლის, რომ მანქანა საათივით მუშაობს და ეს გაუმჯობესების ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109309