ავტოსპორტი

2:03 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალპინი“ კვარცხლბეკებს უმიზნებს

ახალი სეზონის წინ, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - A523, ფრანგულმა გუნდმა „ალპინმაც“ გვიჩვენა. გუნდს სახელით ფრანგი პილოტები, ესტებან ოკონი და პიერ გასლი იასპარეზებენ. გასლი „ალპინში“ „ალფატაურიდან“ გადავიდა. გუნდის მინიმალური მიზანი, კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავება და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებაა.

„ალპინმა“ გასული სეზონი სწორედ მეოთხე ადგილზე დაასრულა და ეს პოზიცია „მაკლარენს“ დაათმობინა. თუმცა მესამეზე გასულ „მერსედესს“ 342 ქულით ჩამორჩა.

„მესამე ადგილთან დიდი ჩამორჩენა გვქონდა და ამჯერად მის შემცირებას ვეცდებით. ეს იოლი არ იქნება. ამისთვის, სხვა ყველა გუნდზე მეტად უნდა განვვითარდეთ“, - ავტომობილის პრეზენტაციაზე განაცხადა გუნდის შეფმა ოტმარ შაფნაუერმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე პილოტს ფორმულა 1-ში რბოლები მოგებული აქვს. ისინი ახალი მანქანის საჭეს პირველად სილვერსტოუნზე, პრივატულ ტესტებზე მიუჯდებიან, რომლების დროსაც, 100 კილომეტრის გავლის უფლება აქვთ.

ოკონი ამ გუნდთან ერთად მეოთხე სეზონს გაატარებს. გასლი კი ახალწვეულია. მან „ასტონ მარტინში“ გადასული ფერნანდო ალონსოს ადგილი დაიკავა. სარეზერვო პილოტია ავსტრალიელი ჯეკ დუენი, მოტოგრანპრის გრანდ მიკ დუენის შვილი. ის იმავდროულად, ფორმულა 2-ის პილოტიცაა.

ახალი მანქანა შარშანდელის ევოლუციური ვერსიაა. ის ვარდისფერშია გამოწყობილი და ამ ფერებით, პირველ სამ ეტაპზე იასპარეზებს. შემდეგ კი „ალპინის“ საფირმო ლურჯ ფერს დაიბრუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118576