ავტოსპორტი

20:59 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში ბოლო სეზონისთვის მოემზადა

„ალფა რომეომ“ ფორმულა 1-ის ახალი სეზონისთვის, თავისი სარბოლო ავტომობილის, C43-ის ახლებური გაფორმება გვიჩვენა. იტალიური კომპანია შვეიცარიულ გუნდ „ზაუბერის“ ტიტულოვანი სპონსორია და შესაბამისად, გუნდიც მსოფლიო ჩემპიონატში მისი სახელით ასპარეზობს. თუმცა, 2023 წლის სეზონის შემდეგ, მათი პარტნიორობა დასრულდება.

გუნდი, რომელიც 2026 წლიდან „აუდის“ სახელით იასპარეზებს, ახალ სეზონში უცვლელი შემადგენლობით გამოვა. მისი პილოტები ისევ ჩინელი გუანიუ ჟაო და ფინელი ვალტერი ბოტასი არიან. სამაგიეროდ, „ალფა რომეო“ მისმა შეფმა ფრედერიკ ვასერმა დატოვა, ვინც „ფერარის“ შეფი გახდა.
ახალი სეზონიდან, „ალფა რომეოს“ სათავეში ანდრეას ზაიდლი ჩაუდგება, რომელიც „მაკლარენიდან“ გადმოვიდა. ის „ზაუბერის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი გახდა. უშუალოდ გუნდს ალესანდრო ალუნი უხელმძღვანელებს, რომელიც ზაიდლის წარმომადგენლის მოვალეობას შეასრულებს.

ტექნიკური დირექტორი ჟან მონშო ამბობს, რომ ახალი მანქანა, რომლის ტრეკზე დებიუტიც პარასკევს შედგება, წინა სეზონის მანქანის ევოლუციური ვარიანტია და მასზე გაცილებით საიმედოა. მასზე მუშაობისას, ყურადღება ავტომობილის უკანა ნაწილზე გამახვილდა. ამასთან, განხორციელდა ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე, რომლებიც წინა სეზონში, შეზღუდვების გამო ხელმისაწვდომი არ იყო.

მონშოს თქმით, ავტომობილს ახალი უკანა საკიდარი და გადაცემათა კოლოფი აქვს. შეიცვალა გაგრილების სისტემა და შესაბამისი ცვლილება ძარის უკანა ნაწილზეც აისახა.

„ალფა რომეო“ არ მალავს, რომ პელოტონის შუაგულში დამკვიდრებას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ მანქანას აღარ ექნება ხტუნვის (პორპოსინგი) გამოვლინება. ამას უზრუნველყოფს ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში, რომელმაც ინჟინრებს ძირის კიდეების აწევის საშუალება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142288