ფეხბურთი

2:04 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ 6 ქულით დაწინაურდა

ჟირონაში ბრძოლა „ბარსელონასთვის“ ადვილი არ ყოფილა. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს კერკეტი მასპინძლების ჯიუტი წინააღმდეგობა შეხვდათ და კატალონიური დერბის ბედი საბოლოოდ ერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

პირველ ტაიმში ბარსელონელები, როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ პოზიციურ შეტევებში სახიფათო ვერაფერი შექმნეს. მასპინძლები თავად ირთულებდნენ საქმეს, მაგრამ ჯერ პაულო გასანიგამ გამოასწორა შეცდომა, როცა უსმან დემბელეს მახვილი კუთხიდან დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ჟირონელებს ანსუ ფატიმ „აპატია.“

დემბელე, ტრავმის გამო შესვენებამდე იძულებულით შეცვალეს. მინდორზე მის მაგიერ ჭაბუკი პედრი გავიდა, რომლისთვისაც ეს „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებული მე-100 მატჩი გამოდგა. ერთადერთი გოლიც, 61-ე წუთზე, სწორედ მან გაიტანა.

მერე მასპინძლები გააქტიურდნენ. ჩასულებმა კი გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულეს. ბოლოსკენ „ჟირონას“ ზეწოლა გაძლიერდა, მაგრამ გათანაბრება ვერ შეძლეს. არც ფინალურმა შტურმმა მოუტანა მათ შედეგი.

„ბარსელონამ“ უსახური თამაშის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და 47 ქულით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ახლა ჩავის შეგირდები უშუალო კონკურენტ „რეალს“ 6 პუნქტით უსწრებენ, თუმცა „სამეფო კლუბი“ კვირას ასევე პირველ ოთხეულში მყოფ „სოსიედადს“ მასპინძლობს და წარმატების შემთხვევაში, კატალონიელბთან ჩამორჩენა, შესაძლოა, ისევ სამ ქულამდე შეამციროს.

„სევილია“ ნელ-ნელა იუმჯობესებს სატურნირო მდგომარეობას. ამჯერად ხორხე სამპაოლის შეგირდებმა შინ „ელჩე“ 3:0 გაანადურეს და სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სტუმრები ტაიმზე ცოტა მეტს კაცნაკლულნი თამაშობდნენ. მსაჯმა 41-ე წუთზე მათი მცველი, პედრო ბიგასი გააძევა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-19 ტური. 28 იანვარი

ჟირონა - ბარსელონა 0:1

ჟირონა. „მონტილივი“

0:1 პედრი (61)

ჟირონა: გასანიგა, მარტინესი, ბერნარდო, ხუანპე (მარტინი 81), გუტიერესი, რომეუ, კოუტო (ვილია 70), ალეშ გარსია, ერერა (ვალერი 59) , რიკელმე (როკა 81), კასტელიანოსი (სტუანი 70)

მწვრთნელი: მიჩელი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ერიკ გარსია, ალონსო (ალბა 46), ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია (კესიე 88), დემბელე (პედრი 26), ფატი (ბალდე 81)

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: ალეხანდრო მუნის რუისი

გაფრთხილება: კასტელიანოსი (44), მარტინესი (74); ფატი (43), პედრი (45+3), გავი (49)

კადისი - მალიორკა 2:0

1:0 ბონგონდა (10), 2:0 ფერნანდესი (38 პენ)

სევილია - ელჩე 3:0

1:0 ენ-ნესირი (29), 2:0 აკუნია (43), 3:0 ენ-ნესირი (45+3)

გაძევება: ბიგასი (41) - ელჩე

ხეტაფე - ბეტისი 0:1

0:1 იგლესიასი (85 პენ)

0.137158