კალათბურთი

13:02 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ გურჯაანის დელტა ოვერტაიმში 103:100 დაამარცხა

სუპერლიგის 2 ამბიციური გუნდის შეხვედრა ერთობ დაძაბული და დრამატული გამოდგა. სანამ გურჯაანში თამაშებს ჩაატარებდეს, დელტამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. 40 წუთის თავზე ანგარიში 90:90 გახლდათ. დამატებით ხუთწუთეულში თსუ 3 ქულით დაწინაურდა, თუმცა უმალ 3 ქულით ჩამორჩა და წაგების პირას იყო, თუმცა გურჯაანელებმა 3 საჯარიმო გააცუდეს და ამით თსუ-მ ისარგებლა: ნოდარ გოგოძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ ჯიმონ ჰენსონის შედეგიანობამ უნივერსიტეტელები გამარჯვებამდე მიიყვანა – 103:100 (სტატისტიკა).

ოვერტაიმი მოკლე ექსკურსი იყო მთლიანო თამაშისა. დამატებით 5-წუთეულში დელტამ 3 საჯარიმო ააცილა, რომელთა ჩაგდების შემთხვევაში დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 6 ქულით დაწინაურდებოდა. შემდეგ კი ჯიმონ ჰენსონმა იყოჩაღა. გურჯაანელთა წაგების უმთავრესი მიზეზი აცილებული საჯარიმოებია, ხოლო თსუ-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი – ჯიმონ ჰენსონის შედეგიანობა.

დელტას მოთამაშეებმა მატჩში შესრულებული 38 საჯარიმოდან მხოლოდ 16 ჩააგდეს. გურჯაანელებმა მეტოქეზე მეტი ორქულიანიც ჩააგდეს და სამიანიც. გადამწყვეტი თსუ-ს მიერ უკეთ შესრულებული საჯარიმოები გახლდათ: 34-დან 27. წარმოდგენილი სტატისტიკით ნათლად ჩანს, რომ დელტამ სწორედ საჯარიმო სროლების გამო წააგო.

36-ქულიანი ჯიმონ ჰენსონის დარი შედეგიანობა აჩვენა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც 13 ქულა, 10 პსი და 6 მოხსნა მოაგროვა. ნოდარ გოგოძემ 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. დელტაში 23 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი. რიკარდო ლინჩის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 16 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124484