ფეხბურთი

21:51 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის მშრალი დებიუტი და "მარიტიმუმ" "დინამოს" ყოფილი მცველის გოლით მოიგო (+VIDEO)

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი მაკარიძის „მარიტიმუმ“ „ეშტორილი“ 1:0 დაამარცხა და ქართველი მეკარის დებიუტი შედგა.

მაკარიძე პორტუგალიაში 2020 წლის შემდეგ დაბრუნდა და „მარიტიმუში“ პირველად ითამაშა, თანაც კარი მშრალად შეინახა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. გიორგიმ საკუთარი გუნდი ორჯერ გადაარჩინა და თავისი წვლილი მნიშვნელოვან მოგებაში რასაკვირველია შეიტანა. ეს იყო პორტუგალიის ჩემპიონატში მისი პირველი თამაში 2020 წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „მარიტიმუმ“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, რენე ფერეირას გოლით მოიგო. ალბათ გახსოვთ რენე - წლების განმავლობაში საქართველოში თამაშობდა, ჯერ „ზესტაფონში“ და მერე „დინამო თბილისში“. ის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ჯერ ბრაზილიაში დაბრუნდა, მერე 2018-2021 წლებში „მარიტიმუში“ იყო, შემდეგ საუდის არაბეთში გადაბარგდა, სადაც „ალ-რაედში“ ირჯებოდა და პორტუგალიურ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაუბრუნდა. ასე რომ, მაკარიძის მსგავსად ისიც გუნდის ახალწვეულია, თუმცა ეს რენესთვის სეზონში მეორე თამაში იყო.

„მარიტიმუმ“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, თუმცა სამშვიდობო ზონას ორი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში მაკარიძე და მისი თანაგუნდელები 1 თებერვალს, „პორტუს“ უმასპინძლებენ.

0.116874