ფეხბურთი

0:53 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის მფლობელია

„ბარსელონამ“ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა მადრიდის „რეალი“ (3:1) და პრიზის მფლობელი გახდა. ჩავიმ კი კატალონიური კლუბის თავკაცის რანგში პირველი ჯილდო მოიგო.

ეს სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში ამ გუნდების მე-16 შეხვედრა გახლდათ და ამ მხრივ „რეალს“ კატალონიელებთან დიდი უპირატესობა აქვს: 9 მოგება, 2 ფრე და 5 წაგება.

„ბარსას“ კი პრიზი ბოლოს 10 წელიწადზე დიდი ხნის წინათ მოეგო, 2012 წლის აგვისტოში.

პირველ ნახევარ საათში საინტერესო არაფერი მომხდარა, 33-ე წუთზე კი 18 წლის გავიმ ანგარიში გახსნა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ვისაც ამ ტურნირის ფინალში გაუტანია. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ „კლსიკოში.“

შემდეგ მან რობერტ ლევანდოვსკის გაატანინა. საინტერესოა, რომ პირველი გოლისას გავის ასისტენტობა პოლონელმა გაუწია.

მეორე ტაიმში პედრიმ მესამედ აიღო „სამეფო კლუბის“ კარი და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყდა. დამატებულ წუთებზე კარიმ ბენზემას ერთ საპასუხოს უკვე, ცხადია, აღარაფერი შეუცვლია - 1:3.

ესპანეთის სუპერთასი

ფინალი

ერ-რიადი. „მეფე ფაჰდი“

რეალი - ბარსელონა 1:3

0:1 გავი (33), 0:2 ლევანდოვსკი (45), 0:3 პედრი (69), 1:3 ბენზემა (90+3)

რეალი: კურტუა, კარვახალი (ნაჩო 72), მილიტაო, რუდიგერი, მენდი, კამავინგა (როდრიგო 46), მოდრიჩი (სებალიოსი 65), კროოსი (ასენსიო 72), ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო (ერიკ გარსია 86), კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი (კესიე 87), პედრი (სერხი რობერტო 90), გავი (ფატი 90), დემბელე (რაფინია 78), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: მენდი (32), ვალვერდე (82); კრისტენსენი (49), არაუხო (68)

0.110157