ფეხბურთი

1:53 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

არაესპანური „რეალი“

ბოლო წლებში მადრიდის „რეალისთვის“ ვილიარეალში სტუმრობა პრობლემად იქცა. წინა ხუთი შეხვედრა „ესტადიო დე ლა სერამიკაზე“ ფრედ დამთავრდა. ამჯერად კი დედაქალაქელებმა შინ ქულაც ვერ წაიღეს.

და პირიქით, „ყვითლებმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მრისხანე მეტოქეებთან თანაბრად და უკეთაც თამაში შეუძლიათ. მათ თავიდანვე გააკონტროლეს ბურთი, ბევრს და ენერგიულად უტევდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.


შესვენების შემდეგ კი, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მალევე დაწინაურდა. ერემი პინომ ზუსტად დაარტყა - 1:0. მერე სტუმრები მეტად ამოძრავდნენ, სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყეს და ერთი საათის თავზე კარიმ ბენზემამ პენალტით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

მაგრამ თანასწორობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, სამიოდ წუთში მსაჯმა უკვე მოპირდაპირე კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზუსტად გარდასახა ჟერარ მორენომ - 2:1.

ბოლოსკენ „რეალი“ ცდილობდა, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ანჩელოტის გუნდმა ცოტათი რამდენიმე დღისწინანდელი „ნაპოლი“ გამახსენა - თითქოს ცეცხლი, განწყობა აკლდათ.

„რეალმა“ ცხრილში დაწინაურების შანსი დაკარგა. ახლა „სამეფო კლუბი“ და „ბარსელონა“ 38-38 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. თუმცა კატალონიელები კვირას, 8 იანვარს „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან სტუმრად და წამატების შემთხვევაში ერთპიროვნულად გალიდერდებიან.

„ვილიარეალი“ კი ქულებით (27) მეოთხე ადგილზე მდგარ „ატლეტიკოს“ გაუთანაბრდა.

კიდევ: „რეალმა“ პრიმერას ისტორიაში პირველად არცერთი ესპანელი ფეხბურთელი ათამაშა სასტარტოში.

დღის სხვა შეხვედრებიდან „მალიორკამ“ შინ „ვალიადოლიდს“ უკვე დამატებულ წუთებზე 1:0 მოუგო აბდონ პრატსის გოლით.

ძალიან დაძაბული გამოდგა კატალონიური დერბი „ესპანიოლსა“ და „ჟირონას“ შორის. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები. საბოლოოდ თრილერი ფრედ - 2:2 დასრულდა. ეს შედეგი არაფრით აწყობდა „ესპანიოლს,“ რომელიც ისევ გასავარდნ ზონაში დარჩა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-16 ტური. 7 იანვარი.

ვილიარეალი - რეალი 2:1

ვილიარეალი. „ესტადიო დე ლა სერამიკა“

1:0 პინო (47), 1:1 ბენზემა (60 პენ), 2:1 მორენო (63 პენ)

ვილიარეალი: რეინა, ალბერტო მორენო (პედრასა 72), ალბიოლი, პაუ ტორესი, ფოიტი, პარეხო, კოკლენი (ტრიგეროსი 89), ბაენა, პინო (მორალესი 81), ჟერარ მორენო (გრუნველდი 72), ჩუკვუეზე

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

რეალი: კურტუა, მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, მენდი (როდრიგო 64), ჩუამენი (ვასკესი 64), კროოსი, მოდრიჩი (კამავინგა 70), ვალვერდე (ასენსიო 82), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: სესარ სოტო გრადო

გაფრთხილება: პაუ ტორესი (16), ალბიოლი (75), ბაენა (90+3), რეინა (90+5); კამავინგა (90+7)

მალიორკა - ვალიადოლოდი 1:0

1:0 პრატსი (90+4)

ესპანიოლი - ჟირონა 2:2

0:1 ვილია (32), 1:1 პუადო (51), 2:1 ხოსელუ (76), 2:2 ერერა (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107998