რაგბი

22:48 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

‘არწივები’ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა

პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა.



აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. ‘არმაზი’ და ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას ინარჩუნებენ.

‘არწივებმა’ მე-11 ტურის შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ ადგილობრივი ‘ბაგრატის’ წინააღმდეგ გამართა. რიონისპირელებმა საწყისი ნახევარი საათის მანძილზე მარბიელ თორნიკე იობიძის შესრულებული „დუბლით“ ანგარიშში დაწინაურება ორგზის მოახერხეს, რის შემდგომ ფავორიტმა ტემპს უმატა და დაცვაშიც თამაში გაამკაცრა. შეხვედრის დარჩენილ დროში გურულებმა მასპინძლებს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს, საკუთრივ კი მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს.

ლიდერი სწრაფად და ლაღად მოქმედებდა. გურულები სივრცეზე მოპოვებულ უპირატესობას კარგად იყენებდნენ და მეტოქეს ხაზსაც იოლად უჭრიდნენ. შედეგიანი და ეფექტური თამაშით „არწივთა“ ლეგიონერები გამოირჩნენ. ფრთა ჯაბულანი მკულვანმა და მარბიელმა ილისონ გალალამ „დუბლი“ გაიფორმეს. მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა კი გატანილ ლელოს, 7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ‘ბაგრატის’ მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული მხტომელის დავით კვაჭანტირაძის დადებულმა ლელომ დაუსვა – 54:19.

RUGBY.GE


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115578