ფეხბურთი

23:02 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო: "პირად დონეზე არ მქონდა ისეთი მუნდიალი, რასაც ველოდი"

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირადად მისთვის, ინდივიდუალურ დონეზე არ იყო ისეთი ტურნირი, როგორის ჩატარების იმედიც ჰქონდა.

„პირადი თვალსაზრისით, ეს არ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რასაც ველოდი. ფიზიკურად მცირე დისკომფორტი მქონდა კოჭის არეში და კარგად თამაში ვერ მოვახერხე. თუმცა, ბევრი გავაკეთე საიმისოდ, რომ იქ ვყოფილიყავი, დავეხმარე ჩემს თანაგუნდელებს მიეღწიათ იქ, სადაც ვართ და ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მთელი არგენტინისთვის.

პენალტი ნიდერლანდების წინააღმდეგ? ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. გადაწყვეტილი მქონდა საპირისპირო კუთხეში დამერტყა, მაგრამ შემდეგ, როცა მსაჯმა ნიშანი მისცა და გამორბენი გავაკეთე, პაუზის აღება გადავწყვიტე. დავინახე როგორ მოძრაობდა მეკარე წამით ადრე და დარტყმის მიმართულება შევცვალე. საბედნიეროდ, ის მართლაც მეორე კუთხეში გადახტა და პენალტი გავიტანე. ორმაგი სიხარული იყო, რადგან ამ გოლით ნახევარფინალში გავედით. ნიდერლანდელებთან კამათი? ეს მოედნის საკითხებია. ხანდახან ეს ხდება, იმ მომენტში გააზრებული და მშვიდი მოქმედებაა საჭირო. საფრანგეთთანაც ბოლო პენალტი მე უნდა დამერტყა, შუაში, ძლიერი დარტყმა მქონდა გადაწყვეტილი, როგორც ამას მამაჩემი აკეთებდა“, - თქვა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატი გოლის გარეშე დაასრულა. მან ნიდერლანდებთან მეხუთე, გადამწყვეტი პენალტი ზუსტად შეასრულა და ფინალში, საფრანგეთთანაც ბურთთან ბოლო უნდა მისულიყო, მაგრამ ეს საჭირო არ გახდა, რადგან არგენტინამ მეოთხე პენალტის შემდეგ იმარჯვა.

0.104832