ფეხბურთი

22:12 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დაუვიწყარი ფინალი და არგენტინა საფეხბურთო ტახტზე დაბრუნდა

36-წლიანი მოლოდინი დასრულებულია და არგენტინის ნაკრები ისევ საფეხბურთო ტახტზეა!

ლიონელ სკალონის გუნდმა საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ტიტულის შენარჩუნებას ცდილობდა, ყოველგვარი კითხვების გარეშე დამსახურებულად დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. შესაბამისად, ამიერიდან არგენტინის ნაკრების მაისურს სამი ვარსკვლავი დაამშვენებს.

ლიონელ მესიმაც ბოლოს და ბოლოს, მოახერხა იმ ჯილდოს დასაკუთრება, რაც მის კარიერას აკლდა და სხვათა შორის, მხოლოდ ეს აკლდა - მესი უკვე მსოფლიოს ჩემპიონია, თანაც მასში უდიდესი წვლილი შეიტანა და დიეგო მარადონას შემდეგ მანაც მოახერხა სამშობლოსთვის უდიდესი სიხარულის მინიჭება.

არგენტინა იმდენად იდეალური და მოტივირებული იყო, რომ საფრანგეთს პრაქტიკულად არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა სამხრეთამერიკელებმა თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს.

23-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ანხელ დი მარიამ უსმან დემბელე იოლად მოუატყა და ფრანგმა შემტევმა არგენტინელი საჯარიმოში წააქცია. შედეგად, მიმდინარე მუნდიალზე არგენტინის სასარგებლოდ მე-5 პენალტი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გოლად აქცია. 13 წუთის შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრების დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა, რითაც ალექსის მაკალისტერმა ისარგებლა, რომელმაც დი მარია დროულად შენიშნა კარგ პოზიციაში და „იუვენტუსის“ შემტევმა სხვაობა გააორმაგა. ზოგადად, დი მარიამ, რომელიც ძირითადში ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველად მოხვდა, დიდებული თამაში ჩაატარა და უნდა გენახათ, გოლის შემდეგ მისი აცრემლებული თვალები, რაც არგენტინელთა უდიდეს მოტივაციაზე ნათლად მიუთითებს. დი მარია სხვათა შორის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალის ფინალში პენალტი მოიპოვა და გოლი გაიტანა.

79-ე წუთამდე არგენტინა ყველაფერს მშვიდად აკონტროლებდა, მაგრამ 97 წამში ყველაფერი შეიცვალა. კილიან მბაპეს სწორედ ეს დრო დასჭირდა დუბლის შეასრულებლად და ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს კიდევ ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ ლორისმა და მარტინესმა მესისა და რაბიოს დარტყმებისგან გუნდები გადაარჩინეს. თამაშიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც არგენტინა ისევ უკეთესი იყო, უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა და 109-ე წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა, რითაც არგენტინა დააწინაურა. თუმცა, 118-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა, კიდევ ერთი პენალტი, ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საფრანგეთს 123-ე(!) წუთზე შეეძლო მოგება, მაგრამ რანდალ კოლო მუანიმ მარტინესს პირისპირ ვერ აჯობა.

არგენტინის ნაკრების მეკარემ პენალტების სერიაშიც თქვა გადამწყვეტი სიტყვა, როცა კინგსლი კომანის დარტყმა უკუაგდო, ხოლო ორელინ ჩუამენიმ კარს ააცილა. სამაგიეროდ, არგენტინამ 4-დან 4 პენალტი გაიტანა და ნანატრი ტიტული მოიპოვა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია (1978, 1986, 2022) და წინ მხოლოდ ბრაზილია (5), იტალია (4) და გერმანია (4) არიან. საფრანგეთის ნაკრებმა კი ვერ მოახერხა ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონობა და ისევ ორი ტიტულით იწონებს თავს.

ლიონელ მესიმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მატჩების რაოდენობით მუნდიალზე პირველია (26), ერთ მუნდიალზე მასზე მეტი პენალტი არავის გაუტანია (ეუსებიოსა და რობ რენსებრინკს აქვთ ასევე 4-4 ზუსტი პენალტი შესაბამისად, 1966 და 1978 წლის მუნდიალებზე). გარდა ამისა, მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე გოლის გატანა ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში მოახერხა.

კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 12 გოლი დაუგროვდა და სულ რაღაც 23 წლის ასაკში. ის ამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 გოლით და ჯეფრი ჰერსტის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. კილიანს მუნდიალის ფინალებში ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (4).

მიუხედავად მისი შესანიშნავი თამაშისა, საფრანგეთი ზედიზედ მეორედ ვერ გაჩემპიონდა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ეს თაობა მომდევნო წლებში რეალური პრეტენდენტი იქნება.

2022 წლის მუნდიალი კი დასრულებულია. დასრულდა არგენტინის ტრიუმფით და დაუვიწყარი ფინალით.

არგენტინა - საფრანგეთი 3:3 პენ: 4:2 (2:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი; მოლინა (მონტიელი 90), რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 120); დი მარია (აკუანია 64), დე პაული (პარედესი 102), ფერნანდესი, მაკალისტერი; მესი, ალვარესი (ლაუტარო 103)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე (დისასი 120), ვარანი (კონატე 113), უპამეკანო, ტ. ერნანდესი (კამავინგა 71); ჩუამენი, რაბიო (ფოფანა 96); დემბელე (კოლო მუანი 41), გრიზმანი (კომანი 71), მბაპე; ჟირუ (ტურამი 41)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 2:0 დი მარია (36), 2:1 მბაპე (80, პენ), 2:2 მბაპე (81), 3:2 მესი (109), 3:3 მბაპე (118, პენ)

პენალტების სერია: 0:1 მბაპე, 1:1 მესი, 1:1 კომანი (მეკარე), 2:1 დიბალა, 2:1 ჩუამენი (ააცილა), 3:1 პარედესი, 3:2 კოლო მუანი, 4:2 მონტიელი

გაფრთხილება: ფერნანდესი (45), აკუნია (90) - რაბიო (55), ტურამი (87), ჟირუ (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (10 – 10 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115474