ფეხბურთი

17:05 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ფინალი: მესის გვირგვინისთვის, მესამე ვარსკვლავისა და ტახტისთვის ბრძოლა

მსოფლიოს ჩემპიონატის კულმინაცია - ფინალი, რომელიც გაარკვევს ვინ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი: 36 წლის შემდეგ არგენტინა თუ ისევ საფრანგეთი.

საფრანგეთის ნაკრები ტიტულის დასაცავად ითამაშებს, რაც აქამდე მხოლოდ იტალიას და ბრაზილიას მოუხერხებიათ, ხოლო არგენტინის ნაკრები ნანატრი თასის მოგებას უმიზნებს. ფაქტია, რომ ეს თამაში მუნდიალის ღირსეული გვირგვინია და ორი საუკეთესო გუნდი ფინალამდე მივიდა.

ცალკე ინტრიგაა გუნდის ლიდერების - ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს დაპირისპირებაც, რომლებიც პსჟ-ში თანაგუნდელები არიან. ორივეს 5-5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვისაც იბრძვიან და დიდი ალბათობით, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზსაც ერთ-ერთი მიიღებს, მაგრამ ეს რა სახსენებელია, როცა სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონობა დევს - მესისთვის კარიერაში პირველი იქნება ეს ტიტული და მხოლოდ ეს აკლია მის დიდებულ კარიერას, ხოლო მბაპეს 23 წლის ასაკში შესანიშნავი შანსი აქვს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი იყოს. ბევრისთვის მუნდიალის ეს ფინალი მესის გვირგვინის დადგმასთან ასოცირდება, მაგრამ მბაპეს დიდი ამბიცია აქვს.

უნდა ვახსენოთ ოლივიე ჟირუ და ხულიან ალვარესი - კილიანისა და ლიონელის პარტნიორები შეტევაში, რომელთა აქტივში 4-4 გოლია, ასე რომ ესეც ცალკე ინტრიგაა. არგენტინას გარკვეულწილად რევანში აქვს საფრანგეთთან ასაღები, რადგან წინა მუნდიალს სწორედ „მამლებთან“ მერვედფინალურ ეტაპზე მარცხით გამოეთიშა.

არგენტინის ნაკრებს საკადრო პრობლემები არ აქვს და ლიონელ სკალონის შემადგენლობის შერჩევა სურვილისამებრ შეუძლია. მოსალოდნელია, რომ „ალბისელესტეს“ ძირითადში ისევ არ იქნება ანხელ დი მარია, რომლის ნაცვლად სკალონი უფრო ჩამშლელ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს ათამაშებს.

სამაგიეროდ, საფრანგეთის ნაკრებში ბევრი პრობლემაა. ტრავმების გამო ტეო ერნანდესმა და ორელინ ჩუამენიმ ვერ ივარჯიშეს, ვირუსის გამო რაფაელ ვარანმა, დაიო უპამეკანომ, ადრიენ რაბიომ, იბრაჰიმა კონატემ, ჟულ კუნდემ და კინგსლი კომანმა. მიუხედავად ამისა, დიდიე დეშამი იმედოვნებს, რომ ამ ფეხბურთელების უმეტესობა თამაშისთვის მზად იქნებიან და ბევრ მათგანს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

სხვათა შორის, მოგებული გუნდი მაისურზე მესამე ვარსკვლავს დაიმატებს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდება.

სტატისტიკა

არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).

არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად მიმდინარე მუნდიალზე წააგო და მაშინაც მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეექვსედ ითამაშებს, რითაც იტალიას გაუთანაბრდა, წინ კი მხოლოდ გერმანია (8) და ბრაზილიაა (7). თუ არგენტინა მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდება და წინ მხოლოდ ბრაზილია (5), იტალია (4) და გერმანია (4) იქნებიან, მაგრამ თუ წააგებს, გერმანიასთან ერთად ყველაზე მეტი ფინალი ექნება წაგებული (4-4).

საფრანგეთი მეოთხედ გავიდა ფინალში და საინტერესოა, რომ ეს ბოლო 7 მუნდიალზე (ბოლო 24 წელიწადში) გააკეთა (1998, 2006, 2018, 2022). საფრანგეთს შანსი აქვს მესამე ქვეყანა გახდეს იტალიისა (1934, 1938) და ბრაზილიის (1958, 1962), შემდეგ, რომელიც მუნდიალს ზედიზედ მოიგებს.

საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკულ ნაკრებებთან ბოლო 10 მატჩი დაუმარცხებელია (6 მოგება, 4 ფრე). ბოლოს „მამლებმა“ 1978 წელს, ჯგუფში სწორედ არგენტინასთან წააგეს (1:2).

ეს იქნება მე-11 ფინალი ევროპულ და სამხრეთამერიკულ ნაკრებებს შორის. წინა 10 შემთხვევიდან 7-ჯერ ფინალი სამხრეთამერიკელებმა მოიგეს. 1998 წელს საფრანგეთმა ბრაზილიას 3:0 მოუგო, 1978 და 1986 წლებში კი არგენტინამ ნიდერლანდები და გერმანია დაამარცხა. თუმცა, სამი ფინალიდან, რომელიც სამხრეთამერიკელთა მარცხით დასრულდა ევროპელთა წინააღმდეგ, ორის მონაწილე სწორედ არგენტინა იყო (1990 და 2014 წლებში), ხოლო მესამის საფრანგეთი (ბრაზილიასთან მოგება 1998 წელს).

არგენტინა შეიძლება მეორე გუნდი გახდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს მას შემდეგ, რაც ტურნირზე პირველი ტურის მატჩი წააგო. ეს აქამდე მხოლოდ ესპანეთმა გააკეთა 2010 წელს.

ეს არის სულ მეორე შემთხვევა, როცა ორივე ფინალისტს ტურნირზე თამაში წაგებული აქვს. პირველად მსგავსი რამ 1978 წელს მოხდა, როცა არგენტინა და ნიდერლანდები ფინალამდე დაუმარცხებელი ვერ მივიდნენ.

ლიონელ მესი მუნდიალზე 26-ე თამაშს ჩაატარებს და ტურნირის რეკორდსმენი გახდება მატჩების რაოდენობით. მას შანსი აქვს გახდეს პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში, რომელსაც გოლი ექნება გატანილი ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში (საუბარია ერთ კონკრეტულ მუნდიალზე).

კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა 2018 წელს ფინალში გოლი გაიტანეს. მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი მუნდიალის ორ ფინალში - ვავა (1958, 1962), პელე (1958, 1970), პოლ ბრაიტნერი (1974, 1982) და ზინედინ ზიდანი (1998, 2006).

დიდიე დეშამს შანსი აქვს, ვიტორიო პოცოს შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ორჯერ მოიგებს.

44 წლის ლიონელ სკალონი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია 2002 წლისა და რუდი ფიოლერის შემდეგ (42 წლის იყო), რომელიც მუნდიალის ფინალშია და შეუძლია ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მწვრთნელი გახდეს თანამემამულე სესარ ლუის მენოტის შემდეგ, რომელიც 1978 წელს 39 წლის იყო და ჩემპიონი გახდა.

უგო ლორისი მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ორ ფინალში უკაპიტნებს. მანამდე იგივე გააკეთეს კარლ-ჰაინც რუმენიგემ (1982, 1986), დიეგო მარადონამ (1986, 1990) და დუნგამ (1994, 1998). რუმენიგე ორივე ფინალში დამარცხდა, მარადონამ და დუნგამ თითო მოიგეს და თითო წააგეს, ლორისს კი შანსი აქვს, პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც კაპიტნის რანგში ორჯერ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი.

საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.

კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 გოლი აქვს გატანილი (2018 წელს - 4 , 2022 წელს - 5). 23 წლის ასაკში მსგავსი შედეგიანობით მუნდიალზე არავის უთამაშია.

საფრანგეთის ნაკრები დაუმარცხებელია 15 მატჩში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში იყო (12 მოგება, 3 ფრე).

დიდიე დეშამს მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიოს ჩემპიონატზე 14 თამაში აქვს მოგებული (2 ფრე, 2 წაგება) და ლუიშ ფელიპე სკოლარის გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ ჰელმუტ შონია, რომელსაც 16 თამაში აქვს მოგებული.

საფრანგეთი პირველი მოქმედი ჩემპიონია 1998 წლისა და ბრაზილიის შემდეგ, რომელიც ფინალში გავიდა. ბოლო ევროპული ქვეყანა კი, რომელიც ჩემპიონის რანგში ზედიზედ ორჯერ იყო ფინალში, იტალია გახლდათ (1938 წელს).

არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრიან და სამხრეთამერიკელებს უპირატესობა აქვთ - 6 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.

ამ 12 მატჩიდან 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა. 1930 წელს არგენტინამ 1:0 მოიგო, 1978 წელს კი - 2:1. სამაგიეროდ, ბოლო დაპირისპირებაში, 2018 წელს ფრანგებმა მოიგეს (4:3).

სავარაუდო შემადგენლობები

18 დეკემბერი, 19:00 საათი

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია; დე პაული, ფერნანდესი, მაკალისტერი, პარედესი; მესი, ალვარესი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, გრიზმანი, მბაპე; ჟირუ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112313