ფეხბურთი

14:54 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "არგენტინამ ყველა თამაში სხვადასხვა სისტემით ჩაატარა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა არგენტინის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, არიან ისეთი ფრანგებიც, ვისაც ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონობა უფრო უნდათ, ვიდრე საფრანგეთის.

„არგენტინას გულშემატკივრებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. სტადიონზე ფრანგი ქომაგებიც იქნებიან, მაგრამ უმეტესობა არგენტინის გულშემატკივარი იქნება. სტადიონზე სადღესასწაულო ატმოსფეროს ველოდები, რადგან არგენტინელები ვნებიანი ხალხია. ასეთი ატმოსფერო მატჩისთვის ძალიან კარგია, რადგან ეს ფინალია. ხვალინდელი მატჩის შემდეგ ერთ-ერთ გუნდს მაისურზე სამი ვარსკვლავი ექნება.

ბენზემა? რომ არ გიპასუხოთ, დაწერთ, რომ გაბრაზებული ვარ. გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია, მათ შორის ბენზემა და ბოლოს ლუკას ერნანდესიც გამოგვაკლდა, მაგრამ 24 ფეხბურთელი მყავს. არ მაინტერესებს, ვინ ვის ეპატიჟება თამაშზე, მე ხვალ 24 ფეხბურთელი მეყოლება. კითხვის დასმა ტრავმირებულებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუ მეტი არა.

ჩემი მომავალი? საფრანგეთის ნაკრები ჩემს კარიერაში საუკეთესო თავგადასავალია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვითამაშე და ახლა ვმუშაობ, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ საფრანგეთის ნაკრები, საფრანგეთი ჩემზე მაღლა დგას, მე არ ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ხვალინდელი თამაშია.

ვირუსი? ეს არის თემა, რომელიც გაინტერესებთ, ეს მესმის, მაგრამ მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ მასთან გასამკლავებლად. სასტუმროდან რომ გამოვედი, ფეხბურთელებს ეძინათ. არ მაქვს უახლესი ინფორმაცია, დღეს გვექნება სიტუაციაზე მონაცემები, დრო კი ხვალამდე. მბაპე? კილიანს სიმშვიდე სჭირდება, ის მოედანზეა ორიენტირებული. კარგ კონდიციაშია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც მოედანზე უნდა გააკეთოს.

არგენტინა 2018 წლისგან განსხვავებული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ 8 ფეხბურთელი იგივეა. ამიტომ არ ვაპირებ შედარებას, აზრი არ აქვს. ის მერვედფინალი იყო, ეს ფინალია. არგენტინამ ექვსივე თამაში განსხვავებული სისტემით ჩაატარა, მათი თამაში შევისწავლეთ. მაროკომ პირველად ითამაშა 5 მცველით ჩვენს წინააღმდეგ, მანამდე ეს არ გაუკეთებიათ, ამიტომ, ყველა სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია. არსებობს ემოციური მხარეც, რომელიც ყველა მოთამაშეს სხვადასხვანაირი შეიძლება ჰქონდეს. ასეთი მატჩისთვის მოსამზადებლად მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ვიცი, რომ არგენტინელებს და შესაძლოა, ზოგიერთ ფრანგსაც უნდათ, რომ მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს“, - თქვა დეშამმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმაც:

„ეს არის ფინალი ორ დიდ ერს შორის. როდესაც მესის მსგავს მოთამაშეს უპირისპირდები, მასთან ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ ამ თამაშში მხოლოდ ის არ არის. ეს ფინალია, განსაკუთრებით დიდი მატჩი საიმისოდ, რომ მხოლოდ მესიზე გავამხვილოთ ყურადღება. დროდადრო ტანჯვისთვის მზად უნდა ვიყოთ და სიტუაციები კარგად ვმართოთ. მთელი თამაში ბურთის ფლობა ძნელია, დიდ გუნდს ვეთამაშებით. გვექნება თამაშის გეგმა, რომელიც უნდა დავიცვათ.

მქონდა პრივილეგია, რომ 2018 წელს ეს თასი მომეგო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აწმყოზე ვარ ორიენტირებული, რაც ადრე მოხდა, უკვე წარსულია. გვინდა ჩვენი ისტორია დავწეროთ. დიდი მატჩისთვის და ნებისმიერი შემთხვევისთვის უნდა მოვემზადოთ, მიუხედავად გარემოებებისა, ვირუსისა და დაღლილობისა. საქმე უნდა დავასრულოთ“, - თქვა ლორისმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100327