ფეხბურთი

17:30 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "რონალდუ არ იმსახურებს ამ ყველაფერს, შეწყვიტეთ პოლემიკა"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მაროკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ვრცლად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტი არ არსებობს და რონალდუს ნაკრების დატოვების შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს.

„კრიშტიანუსთან საუბარი შედგა, ცუდი იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო. ეს ნორმალურია, მთელი კარიერა ასე ვმუშაობდი. ეს საუბარი უნდა შემდგარიყო, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამას ყველასთან არ ვაკეთებ. იმის გამო, რაც მას პორტუგალიური ფეხბურთისთვის აქვს გაკეთებული და რომ კაპიტანია, მომიწია მასთან საუბარი. დიალოგი შედგა თამაშის დღეს, ჩემს კაბინეტში ლანჩის შემდეგ. ავუხსენი მიზეზები, რის გამოც ვერ ვხედავდი ძირითად შემადგენლობაში და მკითხა, დარწმუნებული თუ ვიყავი ჩემს არჩევანში. ვუთხარი, რომ თამაშისთვის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. ყველაფერი ბუნებრივად ავუხსენი. კრიშტიანუ არ იყო კმაყოფილი, ყოველთვის ძირითადში თამაშობდა და ამიტომ ეს ნორმალურია, მარტივად არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მიიღო და ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ეროვნული ნაკრების დატოვება სურდა. არ არსებობს უკეთესი მაგალითი, ვიდრე კრიშტიანუ. გოლებიც თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა, გულშემატკივრებსაც პირველი მადლობა მან გადაუხადა. თავი დაანებეთ რონალდუს, მარტო დატოვეთ და შეწყვიტეთ ეს პოლემიკა, რადგან არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას იმ ყველაფრისთვის, რაც მან პორტუგალიური ფეხბურთისთვის გააკეთა.

ყველა ფეხბურთელია უკმაყოფილოა, როცა არ თამაშობს, ყველას მუდმივად თამაში სურს, ნაკრებშიც და კლუბშიც. მწვრთნელები არჩევანს აკეთებენ თამაშის სტრატეგიის მიხედვით, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ და სწორედ ამას ვაპირებ. მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან, ეს ასე არ არის. რუბენ დიაშს აქვს პრობლემა, ვნახოთ დღეს რა მოხდება. გარდა ამისა, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც შვეიცარიისგან განსხვავებულ პრობლემებს შეგვიქმნის.

ერთადერთი ის ვიცი, რომ მაროკომ ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა, 4 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა, ისიც ავტოგოლით. ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, რამდენიმე მოთამაშე კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიდან ჰყავს. მხოლოდ მათ, ვისაც არ უნახავს ესპანეთთან და ხორვატიასთან მისი თამაში, არ იცის, ამ გუნდის ხარისხი.

ადვილი თამაში არ გვექნება, მოედანზე სიხარულით, შიშის გარეშე და თავდაჯერებული უნდა გავიდეთ, დაცვაში ინტენსიურად ვითამაშოთ. თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც დავგეგმეთ, მჯერა, რომ პორტუგალია მოიგებს, მაგრამ მაროკოს მწვრთნელიც ასე ფიქრობს. მოვისმინე, მათმა ერთ-ერთმა მოთამაშემ თქვა, რომ ის მაროკოში არ დაბადებულა, მაგრამ ბებია-ბაბუისთვის, დიდი ბებია-ბაბუისთვის აპირებს გამარჯვებას, ჩვენც ვეცდებით, ჩვენი ბებია-ბაბუებისთვის მოვიგოთ. რთული თამაში იქნება პორტუგალიისთვის, მაგრამ მაროკოსთვისაც.

არ მჯერა, რომ რომელიმე პორტუგალიელს სურს პორტუგალიის ნაკრების მარცხი, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. გუნდში ფანტასტიკური ატმოსფეროა და ამის გარეშე აქ ვერ ვიქნებოდით. ზეწოლა ნახევარფინალისთვის? ფეხბურთელების უმეტესობას მსგავსი წნეხი აქვს ნაკრებშიც და კლუბებშიც, სადაც თამაშობენ. მათ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ წნეხს და ფინალში გასვლის სურვილს, ამ სიტუაციას მიჩვეულები არიან. უბრალოდ პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ის, რაზეც ვმუშაობდით და ზოგიერთი ასპექტი გავაუმჯობესოთ“, - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103458