ფეხბურთი

16:54 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთს რევანშის შანსი აქვს, შვეიცარია უკეთეს მდგომარეობაშია

შვეიცარია თუ სერბეთი - ეს გუნდები G ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვიან და ბოლო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან. შესაბამისად, ფინალის ტოლფასი მატჩია.

შვეიცარიამ კამერუნს მძიმე ბრძოლაში მოუგო და მერე ბრაზილიასთან მინიმალური ანგარიშით, მაგრამ უშანსოდ წააგო, რადგან არაფერი გაუკეთებია, რომ ქულა დაემსახურებინა. შესაბამისად, მურატ იაკინის გუნდი 3 ქულით მეორე ადგილზეა და სერბეთთან ქულაც აწყობს (თუ პარალელურად კამერუნმა ბრაზილია არ დაამარცხა, რისი ალბათობაც დაბალია).

თავის მხრივ სერბეთის ნაკრებისგან დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ ორ ტურში ძალიან ცუდად ითამაშა და ახლა მხოლოდ მოსაგებად თამაში მოუწევს. დრაგან სტოიკოვიჩის გუნდისთვის ბრაზილიასთან თუ წაგება ტრაგედია არ იყო, კამერუნთან ქულა ძალიან ცუდი შედეგია, თან 3:1-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ვინსენ აბუბაკარმა დიდებულად ითამაშა და სერბებს ქულები პირადად წაართვა.

ძირითად შემადგენლობაში ისევ არ ელოდებიან დუშან ვლაჰოვიჩს, რომელმაც მხოლოდ ის ბრაზილიასთან ითამაშა, ისიც შეცვლაზე. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვლაჰოვიჩი, თანაგუნდელის, დრაგან რაიკოვიჩის მეუღლესთან ერთად საწოლში ნახეს და ამიტომაც არ ათამაშებენ, თუმცა ეს ინფორმაცია სერბებმა უარყვეს. ცნობილია, რომ დუშანს საზარდული აწუხებს და სათამაშოდ მზად არაა. ამიტომაც ალექსანდრ მიტროვიჩს მოუწევს მეტოქის მცველებთან ჭიდილი. სერბეთს გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი ხელს არ მისცემს.

სტატისტიკა

სერბეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო მუნდიალზე მესამედ თამაშობს. 2010 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა და ორივე შემთხვევაში 1 მატჩი მოიგო, 2 კი წააგო.

თუმცა, თუ იუგოსლავიასაც მივათვლით, ეს მათი მე-13 გამოჩენაა მუნდიალზე. ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატი სერბები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ (2006, 2010 და 2018).

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-12-ედ თამაშობს, მათ შორის, ზედიზედ მეხუთედ. ბოლოს მათ მუნდიალზე გასვლა 2002 წელს ვერ მოახერხეს.

შვეიცარიელთა საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც 1934, 1938 და 1954 წლებში აჩვენეს.

შვეიცარია ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ისე გამოეთიშა, რომ გოლი არ გაუშვია. ეს 2006 წელს მოხდა, როცა კობი კუნის მაშინდელმა გუნდმა მერვედფინალში უკრაინასთან პენალტებში წააგო, მაგრამ ტურნირზე 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

სერბეთი და შვეიცარია ერთმანეთს ერთადერთხელ, 2018 წლის 22 ივნისს შეხვდნენ და სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თან მესამე ტურში. მაშინაც გადამწყვეტი მნიშვნელობის თამაში იყო და შვეიცარიამ 2:1 მოიგო. ასე რომ სერბებს ახლა რევანშის შესაძლებლობა აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები

2 დეკემბერი, 23:00 საათი

დოჰა, „სთედიუმ 974“

სერბეთი (3-4-2-1): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი; მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ლუკიჩი, კოსტიჩი; ტადიჩი, ს. მილინკოვიჩ-სავიჩი; მიტროვიჩი

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ვიდმერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი; ჯაკა, ფროილერი; შაქირი, სოუ, ვარგასი, ემბოლო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102202