ფეხბურთი

21:15 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების 8-წლიანი წაუგებელი სერია ტუნისმა დაასრულა

მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში ჯერ კიდევ წინა ტურში გავიდა და ამიტომაც იყო, რომ დიდიე დეშამმა ტუნისის ნაკრებთან შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა.

როტაცია ასეთ მჭიდრო გრაფიკში საჭიროა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა მოტივირებულ ტუნისთან წააგო, შედეგად, „მამლების“ 6-მატჩიანი მოგებების სერია მუნდიალზე შეწყდა. ასევე დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაუგებელი სერია, რომელიც 9 თამაშს შეადგენდა და რომელიც სათავეს 2014 წლიდან იღებდა. ამ მატჩამდე საფრანგეთს მუნდიალზე წაგება გერმანიის ნაკრებთან მეოთხედფინალში უფიქსირდებოდა (2014 წელს).

ტუნისის ნაკრები კი მხოლოდ ქებას იმსახურებს. აფრიკელებმა ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გაიტანეს, როცა ჩინებული კონტრშეტევა ვაჰბი ხაზრიმ გოლით დაასრულა. სხვათა შორის, ეს არის ტუნისის ნაკრების ისტორიაში სულ მესამე გამარჯვება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა. პარალელურად ავსტრალია-დანიის მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ტუნისი ისტორიაში პირველად ჯგუფიდანაც გავიდოდა, მაგრამ მათი გოლიდან ორ წუთში ავსტრალიამაც გაიტანა და მანაც 1:0 იმარჯვა. სხვათა შორის, ბოლო წუთზე ანტუან გრიზმანმა გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-ზე კარგახნიანი გადამოწმების შემდეგ მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო და გოლი გააუქმა.

ნებისმიერ შემთხვევაში „კართაგენელი არწივები“ მხოლოდ ქებას იმსახურებენ: საფრანგეთს მოუგეს, დანიის ნაკრებთან ფრე ითამაშეს და არცერთისგან გოლი არ გაუშვეს. მაგრამ ძვირად დაუჯდათ მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან მარცხი... საბოლოოდ, ტუნისის ნაკრებმა 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საფრანგეთი 6 ქულით პირველია და მერვედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.

ტუნისი - საფრანგეთი 1:0 (0:0)

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

ტუნისი (3-4-3): დაჰმენი; განდრი, მერია, ტალბი; კეჩრიდა, სხირი, ლაიდუნი, მაალუი; სლიმანი (აბდი 83), ხაზრი (ჯებალი 60), ბენ რომდანი (შალელი 74)

მწვრთნელი: ჯალალ კადრი

საფრანგეთი (4-3-1-2): მანდანდა; ფოფანა (გრიზმანი 73), კონატე, ვარანი (სალიბა 63), დისასი; გენდუზი (დემბელე 79), ჩუამენი, კამავინგა; ვერეტუ (რაბიო 63); კოლო მუანი, კომანი (მბაპე 63)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლი: 1:0 ხაზრი (58)

გაფრთხილება: კეჩრიდა (28)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მეთიუ კონგერი (ახალი ზელანდია)

1. საფრანგეთი 3 2 0 1 6 3 3 6
2. ავსტრალია 3 2 0 1 3 4 -1 6
3. ტუნისი 3 1 1 1 1 1 0 4
4. დანია 3 0 1 2 1 3 -2 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132818