რაგბი

19:35 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია მაისურაძე: "შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა"

19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა.

2017 წელს, როდესაც ქართული შერკინების სიძლიერის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, უელსმა მატჩის მიწურულს დანიშნულ 5-მეტრიან შერკინებაში ხრიკს მიმართა და ბორჯღალოსნებს საჯარიმო ლელოზე თამაშის შესაძლებლობა არ მისცა, რის შედეგადაც „დრაკონებმა“ 7 ქულით, 13:6 მოიგეს.

5 წლის თავზე, შერკინების წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ბორჯღალოსნების შერკინება თითქოს ისე მრისხანედ აღარ გამოიყურებოდა. მაგრამ კარდიფში, დასკვნით 5 წუთში მან სრულად დაიბრუნა ძველი დიდება, უელსი მისსავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა და პირველს, ლუკა მატკავას მიერ 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმა მოყვა, რომელმაც ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა მოგვცა, ხოლო მეორეთი მეტოქეს ბურთი ჩამოვართვით და ისტორიული გამარჯვება დავიბევეთ.

ამრიგად, რომ არა შერკინების ბრწყინვალე გარჯა, შესაძლოა 19 ნოემბერი ტკბილ-ცხარე მოგონებად დარჩენილიყო. თამაშად, სადაც გვქონდა შანსი, ასე კი ქართული რაგბის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა და ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.

და რას ფიქრობს ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე:

„ის იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, გულშემატკივრისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ ეს გამარჯვება მთელს ქართულ რაგბს დამატებით მუხტს და სტიმულს მისცემს, ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს. ჯერ კიდევ ზაფხულში, იტალიასთან გამარჯვებამ როგორც ბიჭებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს უდიდესი თავდაჯერებულობა მოგვცა. ეს დინამიკა „ფრინციფალითიზე“ გაგრძელდა და რა თქმა უნდა ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. გახარებულები ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და წინ უნდა ვიაროთ. სწორი დაგეგმვით, პროფესიონალიზმით, თავდადებით, შრომით და ცოდნით, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ“.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩები ბორჯღალოსნებმა სანაკრებო დონეზე გამოუცდელი მარჯვენა ბურჯებით ჩაატარა – გურამ პაპიძეს სულ 2 კეპი ჰქონდა, ვახტანგ აბდალაძე და სანდრო ქუნთელია კი დებიუტანტები იყვნენ.

„შერკინების შეთამაშებას დრო ჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი ცვლილებებია. ასეთი თამაშების დროს შერკინებას მოსამზადებლად ყველაზე მცირე დრო ეთმობა. მსოფლიო თასის წინ შერკინების უნარებზე სამუშაოდ უფრო მეტი დრო გვექნება და შედეგიც უკეთესი იქნება. რაც შეეხება განვლილ თამაშებს, გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღება მივაქციეთ და მექანიზმი სინქრონიზაციაში მოვიყვანეთ, 8-ვე მოთამაშემ ერთი მთლიანივით იმოქმედა და ამან საჭირო დროს იმუშავა“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე გუნდშიც მაგარი ბიჭები თამაშობენ და ცდილობენ ხელი შეგიშალონ. პირველი ხაზი ორივე მხრიდან ზეწოლას განიცდის და მთავარია პირველი ვინ დანებდება. უელსთან პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ ის, რაც გვსურდა, თუმცა ჩვენმა შეცვლებმა უელსისას ყველაფერში აჯობა“ – ამბობს მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ უელსთან მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა ბურჯად შეცვლაზე 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია შევიდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ერთი კვირით ადრე, სამოასთან ჰქონდა:

„მას არ ჰქონდა ამ დონის თამაშების გამოცდილება და ეს ერთგვარი რისკი იყო, თუმცა მან გაამართლა. ქუნთელიას ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასეთ პროგრესს თუ გააგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ბურჯი გახდება. ალექსანდრე მონდომებულია და ძალიან ბევრ ვარჯიშობს, არასდროს ნებდება. ვახტანგ აბდალაძე უდიდესი პროფესიონალია და ძალიან კარგია დინამიკაში, ღია თამაშში, დაცვასა თუ შეტევაში. ის ირლანდიაში ძალიან მაგარ კლუბში გაიზარდა, თუმცა სანაკრებო დონისთვის ორივე მათგანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს“.

RUGBY.GE

0.11542