ფეხბურთი

14:07 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნი - სერბეთი ბოლო შანსისთვის და შეცდომის უფლების გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში G ჯგუფში კამერუნისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, რომლებიც მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, შესაბამისად, კიდევ ერთი შეცდომის უფლება არ აქვთ - წაგებული ჯგუფში ჩარჩება. კამერუნის ნაკრებს შვეიცარიასთან ურიგოდ არ უთამაშია, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და მეორე ტაიმის დასაწყისში ერთადერთი გოლიც გაუშვა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. სერბეთმა ბრაზილიის ნაკრებს 1 საათი გაუძლო, თუმცა რიშარლისონის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა. თუმცა, ცხადია, ერთია ბრაზილიასთან თამაში და მეორე - კამერუნთან. ამიტომაც, დრაგან სტოიკოვიჩის გუნდი წყვილში გამოკვეთილი ფავორიტია.

სერბეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ითამაშებს დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც ბრაზილიასთან 100%-ით მზად არ იყო და მხოლოდ შეცვლაზე ჩაერთო შეხვედრაში. სამაგიეროდ, ისევ არ არის მზად ფილიპ კოსტიჩი და კვლავ თადარიგში იქნება. კამერუნის ნაკრებში სავარაუდოდ, საყრდენ ზონაში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და მარტინ ჰონგლა იქნებიან, ხოლო შეტევაში კარლ ტოკო ეკამბი და ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგი იმოქმედებენ.

სტატისტიკა

სერბეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო მუნდიალზე მესამედ თამაშობს. 2010 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა და ორივე შემთხვევაში 1 მატჩი მოიგო, 2 კი წააგო.

თუმცა, თუ იუგოსლავიასაც მივათვლით, ეს მათი მე-13 გამოჩენაა მუნდიალზე. ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატი სერბები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ (2006, 2010 და 2018).

კამერუნისთვის ეს არის მუნდიალზე მერვე გამოჩენა. აფრიკელებმა წინა 7 შემთხვევიდან ჯგუფიდან გასვლა ერთადერთხელ, 1990 წელს მოახერხეს, როცა დიდი სენსაცია მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ. სხვა შემთხვევაში კამერუნის ნაკრები ჯგუფიდან არ გასულა.

კამერუნის ნაკრები წინა მუნდიალზე არ იყო, ხოლო 2010 და 2014 წლებში ჯგუფში ყველა მატჩი წააგო (6). ამრიგად, 2002 წლის შემდეგ, როცა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მოგებული არ აქვს და მას შემდეგ ზედიზედ 7 თამაშში დამარცხდა.

სერბეთი და კამერუნი ისტორიაში მეორედ შეხვდებიან. 2010 წელს ამხანაგურ თამაშში სერბებმა 4:3 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

28 ნოემბერი, 14:00 საათი

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

კამერუნი (4-3-3): ონანა; ფაი, ნკულუ, კასტელეტო, ტოლო; ანგისა, ონდოა, ჰონგლა; მბეუმო, ჩუპო-მოტინგი, ტოკო ეკამბი

სერბეთი (4-3-1-2): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი; მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი, გუდელი, ს. მილინკოვიჩი-სავიჩი, მლადენოვიჩი; ტადიჩი; ვლაჰოვიჩი, მიტროვიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116953