ფეხბურთი

20:02 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი ნაცნობ დანიასთან რევანშისა და მერვედფინალის საგზურისთვის ითამაშებს

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მეორე ტურში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება და პლეი-ოფის საგზურს გამარჯვების შემთხვევაში გაინაღდებს.

„მამლებმა“ პირველ ტურში ავსტრალიას 4:1 მოუგეს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისშივე გოლი გაუშვეს და აგებდნენ. შემდეგ ფრანგებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს ძალიან აჯობეს. დანიის ნაკრებმა კი ტუნისთან ბევრისთვის მოულოდნელად ვერ მოიგო და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

არადა, კასპერ ჰიულმანდის გუნდისგან გაცილებით მეტის მოლოდინია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიც დიდებულად განვლო, მიმდინარე წელს ერთა ლიგაზეც კარგად ითამაშა (ჯგუფში საფრანგეთი ჰყავდა და ორჯერ დაამარცხა), ხოლო წელიწადნახევრის წინ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

დიდიე დეშამი წინა მატჩთან შედარებით ტრავმირებულ ლუკას ერნანდესს მისი ძმით, ტეო ერნანდესით შეცვლის, მაგრამ ასევე მოსალოდნელია სასტარტოში რაფაელ ვარანის გამოჩენა და ის ალბათ იბრაჰიმა კონატეს ადგილს დაიკავებს. დანიის ნაკრებში მიკელ დამსგორი სასტარტოში უნდა იყოს.

დანიისა და საფრანგეთის ნაკრებები წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და თამაში უგოლო ფრით დასრულდა. თუმცა ეს 4 წლის წინ იყო, მიმდინარე წელს კი საფრანგეთის ნაკრები დანიასთან ორჯერ დამარცხდა - ეს ერთა ლიგაზე მოხდა, როცა პარიზში სკანდინავიელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო კოპენჰაგენში - 2:0. ამდენად, საფრანგეთის ნაკრებს საქმე სარევანშოდ აქვს.

საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო ჯერ ჩემპიონატის დაწყებამდე დააკლდა ბევრი ფეხბურთელი და მერე ჩემპიონატის დაწყებისას. პირველივე მატჩის დასაწყისში ლუკას ერნანდესმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდხანს ვერ ითამაშებს. მცირე ტრავმა აქვს კინგსლი კომანს და მისი თამაში საეჭვოა. დანაკლისია დანიის ნაკრებშიც, რომელსაც ტომას დელანი გამოაკლდა და მუნდიალზე ისიც ვერ ითამაშებს.

სტატისტიკა

დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და საუკეთესო შედეგი 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე აჩვენა, როცა მეოთხედფინალში გავიდა. 1986, 2002 და 2018 წლებში მერვედფინალში დამარცხდა, 2010 წელს კი ჯგუფში ჩარჩა.

საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.

საფრანგეთის ნაკრები დანიას 16-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს: 8 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება. ერთა ლიგაზე მიმდინარე წელს გამართულ ორ მატჩზე და დანიელთა ორ გამარჯვებაზე ზემოთ უკვე ვთქვით.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს გუნდები სამჯერ შეხვედრიან: 1998 წელს ფრანგებმა 2:1 იმარჯვეს, 2002 წელს დანიელებმა მოიგეს 2:0, ხოლო 2018 წელს ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

გარდა ამისა, საფრანგეთი და დანია ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ სამჯერ ერთმანეთს: 1984 წელს საფრანგეთმა 1:0 მოიგო, 1992 წელს დანიამ 2:0, ხოლო 2000 წელს ისევ ფრანგებმა - 3:0.

სავარაუდო შემადგენლობები

26 ნოემბერი, 20:00 საათი

დოჰა, „სთედიუმ 974“

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; პავარი, ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, გრიზმანი, მბაპე; ჟირუ

დანია (3-4-3): შმეიხელი; ანდერსენი, ა. კრისტენსენი, კიაერი; რ. კრისტენსენი, ჰოიბერგი, ერიკსენი, მაეჰლე; სკოვ ოლსენი, დოლბერი, დამსგორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.625598