ფეხბურთი

1:03 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონის შოუ და დომინანტი ბრაზილია

პირველი ტური დასრულდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა გუნდმა ითამაშა, შესაბამისად, ყველა მონაწილე ვნახეთ, მაგრამ რაც ბრაზილიამ გვაჩვენა, ალბათ პირველ ტურში საუკეთესო იყო.

სერბეთი საკმაოდ მაღალი დონის გუნდია, მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები სრული დომინანტი იყო. 24 დარტყმა კარისკენ, 10 დარტყმა კარში და ეს იმის ფონზე, რომ სერბებს კარში არ დაურტყამთ, უფრო სწორად, ვერ დაარტყეს, შეტევისთვის სად ეცალათ...

ტიტეს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი შთამბეჭდავად და შთამბეჭდავი გოლით დაიწყო. სამხრეთამერიკელები დიდ სათამაშო უპირატესობას პირველივე წუთიდან დაეუფლნენ და ბოლო წუთამდე ფლობდნენ. 2:0 ერთი შეხედვით მოკრძალებული ანგარიშია, მაგრამ ეს მხოლოდ ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის დამსახურებაა, რომელმაც ძალიან ბევრი რთული დარტყმა მოიგერია. ორჯერ სერბეთი ძელმა გადაარჩინა, როცა ალექს სანდრო და კაზემირო ახლოს იყვნენ გოლთან.

სამაგიეროდ, შეუჩერებელი იყო რიშარლისონი. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჯერ მეკარის მოგერიებულს დაამატა, მერე კი აბსოლუტური შედევრი შექმნა - ამ გოლის სიტყვებით აღწევა უბრალოდ შეუძლებელია, ის აუცილებლად უნდა ნახოთ, თან არაერთხელ და არაერთი რაკურსით. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ზუსტად ისეთი გოლი გაიტანა, ბრაზილიელის ხელწერა რომ არის - პირველ ტურში უდავოდ ყველაზე ლამაზი, შეიძლება მთელ ჩემპიონატზეც ასეთი გამოდგეს.

მთლიანობაში ბრაზილიის ნაკრები ძალიან კარგი იყო. მართალია, ესპანეთმა და ინგლისმა უფრო სოლიდური ანგარიშით მოიგეს, მაგრამ მათი მეტოქეები უფრო სუსტები იყვნენ, ვიდრე „სელესაოს“ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ბრაზილია შთამბეჭდავი იყო და რაც მთავარია, ჩანს, რომ ეს მაქსიმუმი არ არის - მომატება კიდევ შეუძლია.

ვნახოთ რა იქნება მომდევნო მატჩებში - ხშირად ყოფილა, მათ შორის ბრაზილიის შემთხვევაში სუპერსტარტი და მერე იმედგაცრუება. თუმცა პირველ ტურში მართლაც უნაკლო შთაბეჭდილება დატოვა და ამ სულისკვეთებას თუ შეინარჩუნებს, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება.

ბრაზილია - სერბეთი 2:0 (0:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო; პაკეტა (ფრედი 75), კაზემირო; რაფინია (მარტინელი 87), ნეიმარი (ანტონი 79), ვინისიუსი (როდრიგო 79); რიშარლისონი (გაბრიელ ჟეზუსი 79)

მწვრთნელი: ტიტე

სერბეთი (3-5-1-1): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი, მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი (რადონიჩი 57), ლუკიჩი (ლაზოვიჩი 66), გუდელი (ილიჩი 57), ს. მილინკოვიჩ-სავიჩი, მლადენოვიჩი (ვლაჰოვიჩი 66); ტადიჩი; მიტროვიჩი (მაკსიმოვიჩი 83)

მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)

გაფრთხილება: პავლოვიჩი (7), გუდელი (49), ლუკიჩი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (10) – 4 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)

0.116793