ფეხბურთი

16:58 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი აშშ-ს წინააღმდეგ უცნაური წარსულით

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში ინგლისის ეროვნული ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება და ორივე გუნდისთვის ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისე დაიწყო, როგორც ფავორიტს შეეფერება და ირანის ნაკრები 6:2 გაანადგურა. თუმცა, ალბიონელთა რეალური ძალის განსასაზღვრად ირანი მაინც ვერ გამოდგება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ინგლისს არც ჯგუფი აქვს ძალიან რთული და სავარაუდოდ, მერვედფინალშიც აშკარა ფავორიტი იქნება (A ჯგუფის ბინადართან), შესაბამისად, მეოთხედფინალამდე წესით, გარეთ საუთგეიტის გუნდი იოლად და ძალების დაზოგვით უნდა მივიდეს.

ირანთან გამარჯვებით ინგლისმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და კატასტროფული ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაივიწყა, სადაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს შემადგენლობაში ძალიან დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, იმავე 11-ეულს დაეყრდნობა, რომლითაც ირანი გაანადგურა. შესანიშნავ ფორმაში არიან ჯუდ ბელინგემი და ბუკაიო საკა, რომლებიც პირველ ტურში ცალსახად საუკეთესოები იყვნენ. მცირე ტრავმა ჰქონდა ჰარი კეინს, მაგრამ ის მწყობრშია და სასტარტოში სათამაშოდაც მზადაა. ინგლისი ბოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და გასული მუნდიალის ნახევარფინალისტია - ამდენად, ახლა ინგლისელთა თამასა გაცილებით აწეულია და წნეხიც გაზრდილია, მაგრამ ჩანს, რომ „სამ ლომს“ 56-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოსაგებად ყველაფერი აქვს.

აშშ-ს ნაკრებმა უელსთან ორგვარი შთაბეჭდილება დატოვა - იანკები პირველ ტაიმში ძალიან კარგები იყვნენ და ფანტასტიკური გოლიც გაიტანეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს და გოლიც გაუშვეს, რის გამოც ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგეს. სავარაუდოდ, ისევ თადარიგში იქნება ჯოვანი რეინა, რადგან, ამერიკელთა შეტევა პირველ ტურში დამაჯერებლად და საინტერესოდ გამოიყურებოდა. თუ აშშ-ს ჯგუფიდან გასვლა უნდა, ამ შეხვედრაში ქულის მოპოვებაზე მაინც უნდა იფიქროს, მეორე მხრივ, ინგლისი მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

სტატისტიკა

აშშ-ს ნაკრები თავის ბოლო ორ ჩემპიონატზე (2010 და 2014) ჯგუფიდან გავიდა. ზოგადად, ამერიკელებმა ბოლო 6 მუნდიალიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, ოთხჯერ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს.

აშშ-მ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა გოლი.

ინგლისმა ბოლო ორ დიდ საფეხბურთო ფორუმზე კარგად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია: 2018 წელს მუნდიალზე ოთხეულში მოხვდა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფინალი წააგო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 გოლი გაიტანა, რაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. „სამი ლომი“ საკვალიფიკაციო ტურნირში არ დამარცხებულა.

ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან და ინგლისელთა მხარეს დიდი უპირატესობაა - 8 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ შეხვედრიან: 1950 წელს ამერიკელებმა 1:0 მოიგეს და ეს მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციადაა მიჩნეული. 2010 წელს, კი სამხრეთ აფრიკაში ფრე 1:1 დაფიქსირდა.

უცნაურია, თუმცა ფაქტია: ამერიკას ინგლისთან საშინელი სტატისტიკა აქვს, 11 მატჩიდან 8 წაგება, მათ შორის, 1:8, 0:10, 0:5, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ინგლისს აშშ არასდროს დაუმარცხებია - 1 ფრე, 1 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

25 ნოემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ტრიპიერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ; რაისი, ბელინგემი; საკა, მაუნთი, სტერლინგი; კეინი

აშშ (4-3-3): ტერნერი, დესტი, ციმერმანი, რეამი, ა. რობინსონი; მაკკენი, ადამსი, მუსა; ვეა, სარგენტი, პულიშიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123394