რაგბი

20:02 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უელსის ნაკრების კაპიტანი: "ეს მძიმე დარტყმაა, რადგან საქართველოს მსოფლიო თასზეც უნდა ვეთამაშოთ"

უელსის ნაკრების კაპიტანმა ჯასტინ ტიპურიკმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (12:13) შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები არიან. მისი განცხადებით, ეს წაგება უელსისთვის დიდი დარტყმაა, მით უფრო, რომ ოქტომბერში საქართველოს მსოფლიო თასზეც უნდა შეხვდნენ.

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ. მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, ცოტა უფრო მაღალ ტემპში უნდა გვეთამაშა, მაგრამ ეს რომ ვერ მოვახერხეთ, საქართველოს ნაკრების დამსახურებაა, რომელიც ჩვენზე უკეთესი იყო. სასიამოვნო არ არის საქართველოსთან პირველი მარცხი, მაგრამ მათ თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენეს და მოიგეს. საქართველოს ნაკრები 22-მეტრიან ზონაში ძლიერია, დიდი ბიჭები ჰყავს და როცა ისინი ხაზს უახლოვდებიან, მათი გაჩერება ძნელია. არ უნდა დავმალოთ, რომ ეს ჩვენთვის მძიმე დარტყმაა, მითუმეტეს, როცა საქართველოს მსოფლიო თასზეც უნდა შევხვდეთ. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა სიტუაცია ავსტრალიასთან უნდა გამოვასწოროთ“, - თქვა ტიპურიკმა.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101571