სარეკლამო ადგილი - 1
970 x 60
რაგბი

18:54 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება: საქართველომ უელსის ნაკრები დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ეშელონის წარმომადგენელი უელსის ნაკრები მისსავე მოედანზე, კარდიფში დაამარცხა!

"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტები სერიები დიდებულად დაასრულეს და უელსის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, 13:12 მოუგეს.

იტალიის ნაკრების შემდეგ უელსის ჯერიც დადგა და საქართველომ მიმდინარე წელს ტიერ 1-ის მეორე წარმომადგენელი დაამარცხა.

შეხვედრა მთელი დროის განმავლობაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

სტუმრები პირველივე წუთზე თედო აბჟანდაძის ჯარიმით დაწინაურდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც უელსელებმა მოიგეს, რადგან 2 ლელო დადეს, საიდანაც ერთი გარდასახეს და ტაიმი 12:3 დასრულდა.

მეორე ნახევარი კი „ბორჯღალოსნებმა“ პრაქტიკულად იდეალურად ჩაატარეს, რადგან მეტოქეს ერთი ქულის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს!

ალექსანდრე თოდუამ ლელო მიითვალა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, ხოლო 77-ე წუთზე ლუკა მატკავამ საკმაოდ რთული ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ლევან მაისაშვილის გუნდი დაწინაურდა - 13:12. თამაშის ბოლომდე ორ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს, რის შედეგადაც, მართლაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

მოგეხსენებათ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

უელსი - საქართველო 12:13 (12:3)

ქულები: 0:3 აბჟანდაძე (1), 5:3 მორგანი (19), 7:3 პრისტლანდი (20), 12:3 მორგანი (23), 12:8 თოდუა (59), 12:10 აბჟანდაძე (60), 12:13 მატკავა (77)

0.110257