ფეხბურთი

18:40 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: „განაცხადი შეიძლება შევცვალოთ, რამდენიმე ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არაა“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ალბისელესტეს“ თავკაცმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი შეიძლება შეცვალოს, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი სათამაშო კონდიციაში არაა.

„პატარა პრობლემები გვაქვს, რამდენიმე დღე გვაქვს საბოლოო განაცხადისთვის და შეგვიძლია მისი შეცვლა. იმედია, ამის გაკეთება არ მომიწევს, მაგრამ ეს შესაძლებლობა არსებობს. არ ვამბობ, რომ განაცხადში მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სიიდან უმიზეზოდ ამოვიღებ, მაგრამ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც არ არიან სათამაშო კონდიციებში და მათი თამაში სარისკო იქნებოდა. ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს ფეხბურთელები კარგად იქნებიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა სკალონიმ.

არგენტინული მედია ვარაუდობს, რომ მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩენა ოთხ ფეხბურთელს ემუქრება - პაულო დიბალას, კრისტიან რომეროს, ნიკოლას გონსალესს და ალეხანდრო გომესს.

განაცხადში ცვლილებების შეტანა თითოეულ ნაკრებს პირველი ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე შეუძლია. არგენტინა პირველ ტურში 22 ნოემბერს, საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123103