ფეხბურთი

18:50 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ფანტასტიკური თამაში: გოლი და ორი საგოლე პასი "სასუოლოსთან"

ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ შოუ გრძელდება. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს მე-12 ტურში „სასუოლო“ 4:0 გაანადგურა, ხოლო კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

მეოთხე წუთზე ხვიჩამ თავით ითამაშა საჯარიმოში, რის შედეგადაც ვიქტორ ოსიმენმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. 15 წუთის შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მაქსიმ ლოპესს აჯობა და მორიგი საგოლე პასი მიითვალა, გოლი კი ამჯერადაც ოსიმენმა გაიტანა - 2:0. 36-ე წუთზე მეტოქის კარი თავად ქართველმა შემტევმა დალაშქრა, როდესაც მარიო რუის კარგი პასი დაამუშავა და ზუსტად დაარტყა. პირველივე ტაიმში კვარას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ორჯერ შორი მანძილიდან მცირედით არაზუსტად დაარტყა. განსაკუთრებით გამოსარჩევი ერთი მომენტია, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ნახევარბრუნში ერთი შეხებით ძალიან ეფექტურ გოლთან ახლოს იყო.

ხვიჩა მეორე ნახევარშიც აქტიურობდა და ცდილობდა გატანას თუმცა არ გამოუვიდა. 61-ე წუთზე მან მცირე დაზიანებაც მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნება შეძლო და თამაში გააგრძელა. 21 წლის ქართველი 71-ე წუთზე შეცვალეს და მინდორი მთელი სტადიონის აპლოდისმენტების ფონზე დატოვა. ნეაპოლელებმა დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ გაიტანეს, ამჯერადაც ოსიმენმა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და „აძურიმ“ ისევ ფანტასტიკური თამაშის ხარისხით იმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი (სერია A-ში 12 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი, ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩი, 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი).

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო, სეზონში ისევ დაუმარცხებელია (17 თამაში, 15 მოგება, 2 ფრე ყველა ტურნირზე) და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, მაგრამ მანამდე 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114075