ძიუდო

17:25 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა (+VIDEO)

ძიუდოში აბუ დაბის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს მონაგარი სამ მედლამდე გაზარდა.

ღვინიაშვილმა (90 კგ) აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა, რომელსაც აჯობა და ფინალში ფრანგ ლორის ტასიეს დაუპირისპირდა, რომელსაც 43 წამში შებოჭვით და შესაბამისად, იპონით აჯობა.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ტრინადადისა და ტობაგოს წარმომადგენელი გაბრიელა ვუდი დაამარცხა, მერე ფრანგ ლეა ფონტენს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ როშელ ნუნიესს სძლია და ფინალში იბრძოლებს, მისი მეტოქე კი ჩინელი ქსინ სუ იქნება.

უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი (90 კგ), რომელმაც პირველი შეხვედრა ჩინელ იადონგ ქსიეთან მოიგო, თუმცა მეორე წრეში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან ვერაფერი გააწყო, შედეგად რეპეშაჟში ვერ გადავიდა და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყვნენ, მაგრამ მეორე წრეში, მათ პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ბერიაშვილი დანიელ მატიას მადსენთან დამარცხდა, ხოლო სანებლიძემ ჩილელ ტომას ბრისენოსთან წააგო.

მედლისთვის ვერ იბრძოლა ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100 კგ), რომელმაც ჩინელი რუიქსუან ლის ბარიერი უბრძოლველად დაძლია, რადგან მეტოქე ტატამიზე არ გამოცხადდა, მაგრამ ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან ვერაფერი გაახერხა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, აბუ დაბის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილამდე გიორგი სარდალაშვილმა ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114185