ფეხბურთი

1:00 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ჩელსის" პირველი მოგება, "იუვენტუსის" რთული სიტუაცია და ხოჭოლავას ავტოგოლი

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი E ჯგუფში გაიმართა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და იოლად დაამარცხა.

ლონდონელებმა საწყის ორ ტურში ზაგრების „დინამოსა“ და „ზალცბურგთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვეს და ამჯერად ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდათ. გრემ პოტერის გუნდმა იტალიის ჩემპიონს ყველაფერში აჯობა და 3:0 სძლია. პირველ ტაიმში ვესლი ფოფანამ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და რის ჯეიმსმა სხვაობა გაზარდეს. ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 5 ქულით „ზალცბურგი“ ლიდერობს, 4-4 ქულა აქვთ „ჩელსისა“ და „მილანს“, ხოლო ზაგრების „დინამოს“ – 3.

F ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ დონეცკის „შახტართან“ საწყის ნახევარ საათში გაიტანა ორი გოლი და მართალია, უკრაინელებმა პირველივე ტაიმში ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. „რეალი“ პრაქტიკულად მერვედფინალშია, რადგან 9 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „შახტარს“ 5 ქულით უსწრებს. 3 ქულა აქვს „ლაიპციგს“, ხოლო „სელტიკის“ აქტივში კინკილა ქულაა.

G ჯგუფში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა და 0:5 განადგურდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ავტოგოლი გაიტანა. ამჯერად დუბლს დასჯერდა ერლინგ ჰოლანდი. „სიტის“ 9 ქულა აქვს და არ გაუჭირდება ჯგუფიდან გასვლა, ისევე, როგორც „დორტმუნდს“, რომელმაც „სევილიას“ მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურა და გერმანული გუნდი 6 ქულით მეორე ადგილზეა. მხოლოდ თითო ქულა აქვთ „სევილიასა“ და „კოპენჰაგენს“.

და ბოლოს H ჯგუფი, სადაც „იუვენტუსმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ადრიენ რაბიოს დუბლითა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლით ჰაიფას „მაკაბი“ 3:1 დაამარცხა. თუმცა, აქ ანხელ დი მარიაა აღსანიშნავი, რომელმაც სამი საგოლე პასი გააკეთა. პარალელურად, „ბენფიკა“ და პსჟ დაზავდნენ (1:1), ამ შედეგმა კი „იუვენტუსის“ ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან, ძალიან შეამცირა. პსჟ და „ბენფიკა“ 7-7 ქულით ლიდერები არიან, „იუვე“ მათ 4 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ სამ ტურში მხოლოდ მაქსიმალური ქულების რაოდენობა სჭირდება.

„იუვენტუსი“ – „მაკაბი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 რაბიო (35), 2:0 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 დავიდი (75), 3:1 რაბიო (83)

„ბენფიკა“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 დანილო (41, ა.გ)

„ჩელსი“ – „მილანი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფოფანა (24), 2:0 ობამეიანგი (56), 3:0 ჯეიმსი (61)

„მანჩესტერ სიტი“ – „კოპენჰაგენი“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (7), 2:0 ჰოლანდი (32), 3:0 ხოჭოლავა (39, ა.გ), 4:0 მაჰრეზი (55), 5:0 ალვარესი (76)

„რეალი“ – „შახტარი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 როდრიგო (13), 2:0 ვინისიუსი (28), 2:1 ზუბკოვი (39)

„სევილია“ – „დორტმუნდი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 გერეირო (6), 0:2 ბელინგემი (41), 0:3 ადეიემი (43), 1:3 ენ ნესირი (51), 1:4 ბრანდტი (75)

0.118433