რაგბი

19:49 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

U18 ევროპის ჩემპიონატი | ტიტულს პორტუგალიასთან დავიცავთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბელგიას 14 უპასუხო ლელო გაუტანეს, 86:0 დაამარცხეს და 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ზედიზედ მე-7-ედ ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გადამწყვეტი თამაში ზედიზედ სამჯერ მოიგეს და შარშან ფინალში სწორედ პორტუგალია, 27:0 დაამარცხეს.

ნახევარფინალში, რუსთავში, პორტუგალიისა და ესპანეთის ჯახი ფრედ 21:21 დასრულდა და პირველი ფინალისტის ვინაობა კარში დარტყმებით გაირკვა. მეორე ნახევარფინალი თბილისში, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს.

უმცროსი ბორჯღალოსნები ბელგიას ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ, აქცენტს ხელდახელ სწრაფ თამაშზე აკეთებდნენ და თითქმის ყველა ლელო ამ სტილში გაიტანეს. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, ლუკა ჭინჭარაულმა ცენტრში გაჭრა ხაზი და ბურთი თორნიკე ღანიაშვილს გაატანა, ტატო ბურთიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ოფლოუდით ლელოში ლუკა კობაური შეუშვა. მე-8 წუთზე ჭინჭარაულმა ერთხელაც გაჭრა ხაზი, ოვალი მარჯვნივ ჩათამაშდა, ლუკა ხორბალაძე 5-მეტრიანში შეაჩერეს, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ნიკა ლომიძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა. მალევე შებრუნებული პასით გიორგი ხაინდრავამ გაჭრა ხაზი, მას ლუკა კოტორაშვილი მიყვა და მესამე ლელო გაიტანა. ხორბალაძემ ორი გარდასახა – 19:0.

მე-16 წუთზე ლელო თამაზ ჭამიაშვილმა მიითვალა, 21-ე წუთზე აქტიურმა კობაურმა გაჭრა ხაზი და ლელო ბურთიკაშვილმა გაიტანა, 23-ეზე კი შეტევა ჭინჭარაულმა დაიწყო და მისი ოფლოუდით უკვე თავად კობაურმა იხეირა. ტაიმის ბოლოს ხელდახელ შეტევა ბურთიკაშვილის მეორე ლელოთი დასრულდა, მერე კი ხორბალაძემ გაინავარდა მეტოქეს მე-8 ლელო გაუტანა – 48:0.

შესვენების შემდეგ თამაშის დასალაგებლად მასპინძლებს გარკვეული დრო დაჭირდათ, მერე ხორბალაძემ მთელ დაცვას შემოურბინა და ლელოში ზურა ნინიძე შეუშვა. მალე კვლავ ბურთიკაშვილის ჯერი დადგა და მესამე ლელო მიითვალა, 50-ე წუთზე კი, შერკინების შემდეგ, ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და მას კარგად მიყვა ლუკა ცირეკიძე – 65:0.

ორიდე წუთში ოფლოუდებით დახუნძლული ხელდახელ შეტევა გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დასრულდა. 61-ე წუთზე მან უკვე რაქიდან შეუტია და მცველი ძალისმიერ ორთაბრძოლაში დაჯაბნა. 66-ე წუთზე მოლი გიგი ჭუმბურიძის ლელოთი დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 86:0.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი 5 ოქტომბერი. თბილისი. „რაგბი პლატო“ საქართველო – ბელგია 86:0 (48:0) საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. ლუკა კობაური, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. ლუკა ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ჯიღაური;

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. მიხეილ ხახუბია, 3. დავით მჭედლიძე, 4. თორნიკე ღანიაშვილი, 5. გიორგი გერგედავა (კაპ.), 6. ანდრო დვალი, 7. ნიკა ლომიძე, 8. თამაზ ჭამიაშვილი.

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. გიგა თუთისანი, 19. კახა შეყილაძე, 20. ჯაბა ოდიშარია; 21. ლადო ტყაბლაძე, 22. გელა ხელაძე, 23. ლუკა კეშელავა, 24. ნუგზარ ქევხიშვილი, 25. ლუკა ცირეკიძე, 26. ნიკა აბესაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113535