ფეხბურთი

14:26 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "კვარაცხელია კილერია, მოედანზე ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს"

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამსტერდამელებს ხვიჩას შეძენის შანსი ზამთარში ჰქონდათ, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა.

„კვარაცხელია „აიაქსს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შესთავაზეს, მაგრამ დრო ძალიან ცოტა იყო და მასში 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რაც კლუბისთვის ძალიან მაღალი იყო. მისი სტატისტიკა რუსეთში არც ისე კარგი იყო, „აიაქსს“ კი 9-12 მილიონი ევროს გადახდა სურდა. საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ 10 მილიონ ევროდ იყიდა, ასე ხდება ხოლმე.

ხვიჩას კლასი აქვს, ძლიერია და ძალიან სრულყოფილია. ორივე ფეხით კარგად თამაშობს და განსაკუთრებით გამოსარჩევი ისაა, რომ როგორც პატარა, ისე დიდ სივრცეებში კარგია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ მინდორზე მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორია. არასწორი არჩევანი არ მახსოვს, თამაშს კარგად კითხულობს. ის კილერია, ბურთთან მიდის და „კლავს“.

„აიაქსმა“ უნდა ეცადოს, რომ ხვიჩამ ბურთი არ მიიღოს, ის ერთი-ერთზე არ უნდა დატოვონ. „აიაქსს“ ბურთის ფლობა რაც მეტი ექნება, მით უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნება“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114652