ფეხბურთი

0:50 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების რეკორდი და C დივიზიონში პირველი ადგილი საუკეთესო შედეგით

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაუმარცხებელი სერია გააგრძელა და პირადი რეკორდი დაამყარა! რაც მთავარია, ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში მასპინძელი იქნება.

საქართველო C დივიზიონის მეოთხე ტურის ბოლო ტურში გიბრალტარს ესტუმრა და მოიგო, თუმცა იოლად სულაც არა - 2:1. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით მატჩის ბოლო ნახევარ საათში, უკეთესის სურვილს ტოვებდა და კრიტიკას ვერ უძლებდა (მეტოქიდან გამომდინარე), მაგრამ ახლა მთავარი მაინც შედეგი იყო.

პირველ ნახევარში ქართველი ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, კარისკენაც ბევრჯერ დაარტყეს, მაგრამ რეალური, აშკარა საგოლე მომენტების შექმნის პრობლემა მაინც არსებობდა. თუმცა, ანგარიში ვილი სანიოლის გუნდმა მაინც გახსნა. მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე მოპოვებული გოლად აქცია.

ხვიჩაზე ცალკე უნდა ვთქვათ: მან საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ მე-19 მატჩში მეათე გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 6 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია მის ანგარიშზე, რაც დიდებული შედეგია. ხვიჩამ 10 გოლით ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მერვე ადგილზე ჯაბა კანკავას დაეწია, რომელსაც ასევე 10 გოლი აქვს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მას მერე, რაც ხვიჩამ „რუბინი“ დატოვა, როცა მოსკოვის ცსკა-სთან ყაზანელებმა 1:6 წააგეს, 32 შეხვედრაა (ოფიციალური მატჩი, როცა კვარა მინდორზე იყო) კვარაცხელიას გუნდი არ დამარცხებულა! ეს ეხება, როგორც „დინამო ბათუმში“, ისე საქართველოს ნაკრებსა და „ნაპოლიში“ ჩატარებულ მატჩებს.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, თუმცა, ბოლო წუთზე გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაში რომ არა, გიბრალტარს გათანაბრება ნამდვილად შეეძლო. უნდა ითქვას, რომ ლორიამ ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. მეორე ნახევარი კი სანიოლის შეგირდებმა სწრაფი გოლით დაიწყეს, რომელიც გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველად გაიტანა. 2:0-ზე თითქოს სანერვიულო აღარაფერი იყო, მაგრამ მასპინძლები ასე არ ფიქრობდნენ. 75-ე წუთზე „ბლექბერნის“ ფეხბურთელმა ლუი ენესლიმ ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა და მეტოქე ბოლო წუთებზე ანერვიულეს. თუმცა, ქართველებმა უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს და მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს.

წაუგებელი სერია და რეკორდი: საქართველოს ნაკრებმა გასული წლის ოქტომბრიდან 11 შეხვედრა ჩაატარა, 9 მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა, რაც ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა ჩვენი ნაკრების ისტორიაში, რომელიც იტევს კოსოვოსთან (2:1), შვედეთთან (2:0), უზბეკეთთან (1:0), ბოსნიასთან (1:0), გიბრალტართან (4:0, 2:1), ბულგარეთთან (5:2), ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0, 2:0) გამარჯვებებს, ხოლო ორი ნულოვანი ფრე ალბანეთსა და ბულგარეთთან დაფიქსირდა.

ევრო 2024-ის პლეი-ოფი: საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონი 16 ქულით დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია და შესაბამისად, პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, მეოთხე შედეგის მქონე ნაკრებთან. ეს ან საბერძნეთი იქნება, ან ყაზახეთი, გააჩნია, 27 სექტემბერს, საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრა როგორ დასრულდება. თუმცა, მანამდე ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპია და თუ რომელიმე გუნდი იქიდან გავა ევროპის ჩემპიონატზე, პლეი-ოფში აღარ ითამაშებს და ჯგუფის მეორეადგილოსანი ჩაანაცვლებს.

სანიოლის გუნდი ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს, სადაც ცხადია, გაცილებით ძლიერი მეტოქეები ეყოლება. აქვე ვთქვათ, რომ ნოემბერში კიდევ არის სანაკრებო ფანჯარა, თუ ვინ იქნება საქართველოს სპარინგ პარტნიორები, ჯერჯერობით უცნობია.

აქვე ვთქვათ, რომ ამავე ჯგუფში მეორე ადგილი ბულგარეთმა დაიკავა, რომელმაც სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 აჯობა და 9 ქულით მეორე საფეხური ერგო.

გიბრალტარი - საქართველო 1:2 (0:1)

გიბრალტარი, „ვიქტორია სთედიუმი“

გიბრალტარი (4-3-3): ბანდა; ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი; ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერჟენტი 73), რონანი (სტიჩი 63); უოკერი, ბრიტო (ი. ჩიპოლინა 84), კაშიარო

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

საქართველო (3-4-2-1): ლორია (მამარდაშვილი 46); კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60); ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 88), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72); ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 კვარაცხელია (19, პენ), 0:2 წიტაიშვილი (48), 1:2 ენესლი (75)

გაფრთხილება: უოკერი (81), კაშიარო (90), ენესლი (90) - დავითაშვილი (70), კვეკვესკირი (81), ლობჟანიძე (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 23 (9) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: რობ ჰერვი (ირლანდია)

1. საქართველო 6 5 1 0 16 3 13 16
2. ბულგარეთი 6 2 3 1 10 8 2 9
3. ჩრდ. მაკედონია 6 2 1 3 7 7 0 7
4. გიბრალტარი 6 0 1 5 3 18 -15 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124422