ჩოგბურთი

1:10 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე არ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ამბობს, რომ ამ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

„არ ვიცი, ოპერაციის შემდეგ, მწყობრში ჩასადგომად რა დრო დამჭირდება. მაგრამ დარწმუნებით იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სეზონში თამაშს აღარ ვაპირებ“, - ამბობს 30 წლის ჰალეპი.

ის დასძენს, რომ მენტალურად გამოიფიტა და ხანგრძლივი დასვენება სჭირდება. და სანამ დაისვენებს, გადაწყვიტა, რომ ფიზიკური პრობლემაც მოიშოროს. ეს პრობლემა ცხვირს უკავშირდებოდა, რაც ზაფხულში კიდევ უფრო გართულდა.

„ცხვირთან დაკავშირებით, დიდი ხანია პრობლემები მაქვს, მაგრამ ამ ზაფხულიდან, სუნთქვა სულ უფრო მიჭირდა. ამის მოსაგვარებლად, ერთადერთი გზა ოპერაციის გაკეთება იყო“, - ყვება ჰალეპი, ვინც 2018 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, 2019 წელს კი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. მაისში ის ტოპ ოცეულს ქვემოთ ჩამოვიდა, მერე კი როლან გაროსს მეორე წრეშივე გამოეთიშა.

„თებერვალში ვფიქრობდი, რომ ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან არ მჯეროდა, რომ ტოპ ათეულში დასაბრუნებლად, საკმარისი ძალა მქონდა. ბევრი მშფოთვარე მომენტი მქონდა“, - ყვება ჰალეპი, ვინც თავის მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუსთან ერთად, ბევრი იმუშავა და მცირე ხნით, ფორმაც აღიდგინა. ამის დასტურია ის, რომ უიმბლდონის ნახევარფინალს მიაღწია, მოიგო ტორონტოს ტურნირი და აგვისტოში რეიტინგის მეექვსე საფეხურამდე დაწინაურდა.

„სულ რაღაც ორ თვეში, ათეულში დავბრუნდი. მიზანს მივაღწიე! მაგრამ აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშისას მივხვდი, რომ სრულად გამოფიტული ვარ. მოკლედ, ჩემთვის ეს სეზონი დასრულდა. კორტზე 2023 წელს მნახავთ“, - წერს ჰალეპი, ვინც ფლეშინგ მედოუსზე პირველივე წრეში წააგო (უკრაინელ დარია სნიგურთან). ამჯერად მისი მთავარი პრობლემა, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა იყო.სიმონა ჰალეპი,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1165