კალათბურთი

2:00 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთმა ლუკა დონჩიჩის სლოვენია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ევრობასკეტზე მეოთხედფინალური ეტაპი ხმაურიანი სენსაციით დასრულდა და მოქმედი ჩემპიონი სლოვენია ასპარეზობას გამოეთიშა.

ლუკა დონჩიჩის და მისი თანაგუნდელების შეჩერება პოლონეთის ნაკრებმა მოახერხა, რომელმაც 90:87 მოიგო! შეხვედრა დაძაბული რომ იყო, ანგარიშიდანაც ჩანს და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მეორე პერიოდი პოლონელებმა 29:13 მოიგეს და ვინაიდან პირველი პერიოდის თავის სასარგებლოდ დაასრულეს (29:26), დიდ შესვენებაზე ძალიან კომფორტული, 19-ქულიანი(!) უპირატესობით გავიდნენ. თუმცა სლოვენიამ მესამე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარა და პოლონელთა ამ უპირატესობისგან არაფერი დატოვა. პოლონელებმა მესამე მეოთხედში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს და 6:24 წააგეს, შედეგად, დასკვნითი ათწუთეულის წინ მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ. თითქოს, სლოვენიას ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა და მეტოქე გატეხილი ჰყავდა, მაგრამ პოლონეთის ნაკრებმა მობილიზება შეძლო, ბოლო პერიოდი 26:24, თამაში კი 90:87 მოიგო.

სლოვენიის ნაკრებში 21 ქულით ვლატკო ჩანჩარი იყო საუკეთესო, ლუკა დონჩიჩმა 14 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი მიითვალა, ხოლო გორან დრაგიჩმა 17 ქულა ჩააგდო. პოლონეთს 26 ქულით მატეუშ პონიტკამ ულიდერა, 16-16 ქულა ჰქონდათ მიხალ სოკოლოვსკისა და ეი ჯეი სლოთერს.

ამრიგად, პოლონეთი ნახევარფინალშია, სადაც საფრანგეთს შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში ურთიერთობას გერმანია და ესპანეთი გაარკვევენ.

სლოვენია - პოლონეთი 87:90 (26:29, 13:29, 24:6, 24:26)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115523