ფეხბურთი

0:59 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერების მძიმე გამარჯვებები სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტური სამი მატჩით დაიწყო, რომელშიც ლიდერებმა და სეზონის მთავარმა ფავორიტებმა ითამაშეს. სამივემ მოიგო, მაგრამ ძალზე მძიმე ბრძოლებში.

„ნაპოლიმ“ „სპეცია“ რომ დაამარცხა, ეს ჯაკომო რასპადორის დამსახურებაა, რომელმაც ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა და ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 ქულა მოუტანა. „ნაპოლი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ის 67-ე წუთზე შეცვალეს.

„ნაპოლი“ მოგებას თუ იმსახურებდა, იმავეს ვერ ვიტყვით „ინტერზე“, რომელმაც შინ „ტორინოსთან“ ასევე 89-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო, რომელიც მარსელო ბროზოვიჩის ანგარიშზეა. „ინტერმა“ მართლაც ცუდად ითამაშა და 3 ქულა რომ მოიპოვა, ბროზოვიჩზე მეტად სამირ ჰანდანოვიჩის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში 0:0 იყო.

მოიგო „მილანმაც“, ასევე მძიმე ბრძოლაში. „როსონერი“ აუტსაიდერ „სამპდორიასთან“ გასვლაზე მალევე ჟუნიორ მესიასის გოლით დაწინაურდა და ტაიმი ასე მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში რაფაელ ლეაო გააძევეს, რომელიც სხვათა შორის, მომდევნო ტურში „ნაპოლისთან“ ვერ ითამაშებს. კაცნაკლულ „მილანთან“ „სამპდორიამ“ მალევე გაათანაბრა, მაგრამ 10 წუთში ოლივიე ჟირუმ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც თავადვე გოლად აქცია და დარჩენილ დროში „როსონერიმ“ უპირატესობა შეინარჩუნა.

ამრიგად, „ნაპოლი“ და „მილანი“ 14-14 ქულით ლიდერები არიან და მომდევნო ტურში ურთიერთობას „სან სიროზე“ გაარკვევენ, ხოლო „ინტერი“ 12 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. კვირას ითამაშებს ბერგამოს „ატალანტა“ „კრემონეზესთან“ და თუ მოიგებს, პირველ პოზიციას დაუბრუნდება, რომელსაც ამ ტურის დაწყებამდე ერთპიროვნულად იკავებდა.

„ნაპოლი“ – „სპეცია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 რასპადორი (89)

„ინტერი“ – „ტორინო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბროზოვიჩი (89)

„სამპდორია“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მესიასი (6), 1:1 ჯურიჩიჩი (57), 1:1 ჟირუ (67, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110294