ფეხბურთი

22:22 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" გამარჯვება "მადონინაში" და უფერული "იუვენტუსი" ფლორენციაში

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის მთავარი შეხვედრა „მილანსა“ და „ინტერს“ შორის გაიმართა - მოქმედმა ჩემპიონმა თანაქალაქელი დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, არა მხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არამედ უფრო მეტად ფსიქოლოგიური კუთხით.

მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა, როგორც „მადონინას“ სჩვევია. ანგარიში კი მარსელო ბროზოვიჩმა გახსნა, რომელმაც ძალიან კარგად აითვისა მეტოქის დაცვის ცენტრში გაჩენილი სივრცე და მაიკ მენიოს შანსი არ ჰქონია. „მილანი“ მდევრის როლში ძალიან ცოტა ხანს იყო, რადგან 7 წუთში რაფაელ ლეაომ აღადგინა წონასწორობა.

მეორე ნახევარი კი სტეფანო პიოლის გუნდმა დიდებულად დაიწყო, რაც დიდწილად ლეაოს დამსახურებაა, რომლმაც ჯერ ოლივიე ჟირუს საგოლე პასი გაუკეთა, მერე კი დრიბლინგი გოლით თვად დაასრულა და „როსონერის“ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, „ინტერმა“ იბრძოლა და ედინ ჯეკოს გოლით ჩამორჩენა შეამცირა. მერე კი, სიმონე ინძაგის გუნდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მაიკ მენიო შეუდარებლად ირჯებოდა.

„მილანმა“ 3:2 სძლია მთავარ მეტოქეს და 11 ქულით სატურნირო ცხრილშიც გალიდერდა, ხოლო „ინტერს“ 9 ქულა აქვს. სხვათა შორის, „ნერაძური“ ხუთ ტურში ორჯერ დამარცხდა, რაც ინძაგის გუნდისთვის მთლად კარგი არ უნდა იყოს. ვთქვათ ისიც, რომ ედინ ჯეკო „ინტერის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში „მადონინაში“ გოლი გაიტანა, ხოლო რაფაელ ლეაო პირველი პორტუგალიელია, რომელმაც მილანურ დერბიში შეძლო გოლის გატანა.

სანამ „დერბი დელა მადონინა“ იქნებოდა, მანამდე ტური ფლორენციაში, „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ მატჩით გაიხსნა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. „იუვე“ მეცხრე წუთზე არკადიუშ მილიკმა დააწინაურა, თუმცა 20 წუთში ფლორენციელებმა წონასწორობა აღადგინეს. ამის შემდეგ „ფიორენტინას“ შეეძლო მოგება, „იუვენტუსი“ კი მხოლოდ თავს იცავდა. ტურინელებს გოლის შემდეგ კარში არ დაურტყამთ და უფრო მეტიც, რომ არა, მატია პერინი, უქულოდ დარჩებოდნენ. „ბებერი ქალბატონის“ მეკარემ ჯერ ლუკა იოვიჩს პენალტი აუღო, ბოლო წუთზე კი სოფიან ამრაბატის შორეული გასროლა ძალზე ეფექტური ნახტომით მოიგერია. „იუვენტუსს“ 5 ტურში მარცხი არ განუცდია, მაგრამ მხოლოდ 9 ქულა აქვს და სეზონის სტარტი კარგი არ გამოუვიდა. სხვათა შორის, „ფიორენტინასთან“ უფერული და საშინელი თამაშის მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო.

„მილანი“ – „ინტერი“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბროზოვიჩი (21), 1:1 ლეაო (28), 2:1 ჟირუ (54), 3:1 ლეაო (60), 3:2 ჯეკო (67)

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 მილიკი (9), 1:1 კუამე (29)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110009