ფეხბურთი

0:56 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "ფიორენტინამ" გააჩერა და სერია A-ს უდანაკარგო გუნდი არ ჰყავს

„ნაპოლის“ შეეძლო სამი ტურის თავზე სერია A-ს სათავეში ერთპიროვნულად ჩასდგომოდა და ერთადერთი უდანაკარგო გუნდი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ქულას დასჯერდა, უგოლო და საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში (0:0).

საწყისი ორი ტურისგან განსხვავებით კვარაცხელიამ ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა. ზოგადად, არა მხოლოდ ქართველს, არამედ მის გუნდს არ ჰქონია კარგი თამაში. იმის თქმაც შეიძლება, რომ თანაგუნდელები ქართველ გარემარბს პასებით მაინცდამაინც არ ტვირთავდნენ.

51-ე წუთზე ხვიჩამ შესანიშნავი პასი გაუკეთა ირვინგ ლოზანოს და მექსიკელს უნდა გაეტანა, მაგრამ თავით ძალიან ცუდად დაარტყა. კვარა ლუჩანო სპალეტიმ მე-60 წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა. არადა, ქართველს შეეძლო ხოსე კალეხონის შედეგი გაემეორებინა და გამხდარიყო „ნაპოლის“ მეორე ფეხბურთელი 1994 წლიდან მოყოლებული, რომელიც სერია A-ს საწყის სამ თამაშში გოლს გაიტანდა. ეს მხოლოდ კალეხონმა მოახერხა (2014 წელს). გარდა ამისა, ბოლო 15 სეზონში 22-წლამდე ფეხბურთელებში ტოპლიგაში საწყის სამ შეხვედრაში 5 გოლში მონაწილეობითაც შეეძლო მეორე მოთამაშე გამხდარიყო ერლინგ ჰოლანდის შემდეგ, თუმცა არ გამოვიდა და ჯერჯერობით მის აქტივში 4 შედეგიანი მოქმედებაა (გოლი+პასით).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. ბომბარდირთა დავაში ქართველი ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ლიდერია.

„ნაპოლის“ 7 ქულა აქვს (როგორც „მილანს“, „ლაციოს“, „ტორინოს“, „ატალანტასა“ და „რომას“) და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც გამოსარჩევი "სალერნიტანას" გამარჯვებაა, რომელმაც "სამპდორია" 4:0 გაანადგურა. მოიგო "ატალანტამ" გასვლაზე "ვერონასთან", ხოლო "ლეჩემ" და "ემპოლიმ" ქულები გაიყვეს.

0.132065