ფეხბურთი

22:27 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ქულადაუკარგავი მხოლოდ „არსენალია“

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და ცოტა ხნის წინათ სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი, მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. მანკუნიანელებმა ამჯერად სტუმრად „საუთჰემპტონს“ სძლიეს - 0:1.

„იუნაიტედს“ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია. პირიქით, მასპინძელი „წმინდანები“ უფრო ყოჩაღობდნენ, მაგრამ ბოლოს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. სტუმრები კი თავის შანსს ელოდნენ და მიიღეს კიდეც.

მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კაპიიტანი ჰარი მაგუაირი სკამზე დასვა, ერთადერთი ბურთი კი მის მაგიერ კაპიტნად მოვლენილმა ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუ 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ვიხილეთ ექს-რეალელი კაზემიროს დებიუტიც. ბრაზილიელმა ბოლო 10 წუთს დაჰყო მოედანზე.

„სიტიმ“ ბეწვის ხიდზე გაიარა. ხუმრობა ხომ არ იყო, მიჯრით მეორე შეხვედრაში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწია. თუმცა „ნიუკასლთან“ მატჩი ფრედ დამთავრდა. ამჯერად კი სტუმარი ლონდონელები 20 წუთის თავზე 0:2 იგებდნენ, დაცვაშიც გამართულად თამაშობდნენ და მასპინძლებს ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ყველაფერი მეორე ტაიმში შეიცვალა. „სიტი“ დაიქოქა და არასრულ 45 წუთში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარში საჯარიმოდან ბერნარდუ სილვამ გაათანაბრა, შემდეგ კი ერლინგ ჰოლანდის ჯერი დადგა. ნორვეგიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, თანაც თავითაც გაიტანა და ფეხითაც. ეს მისი პირველი სამგოლა გახლდათ პრემიერლიგაში.

„სიტი“ ორიოდ საათით გალიდერდა.

„ლივერპულმა“ სეზონი უხეიროდ დაიწყო და ამჯერად ჯავრი „ბორნმუთზე“ იყარა. მერსისაიდელებმა საწყალ „ალუბლებს“ 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეაგდო ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა - თავდამსხმელებმა, ნახევარმცველებმა, მცველებმა...

დუბლი მიითვალეს ლუის დიასმა და ბობი ფირმინომ, თითოც ჰარვი ელიოტმა, ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა, ვირჯილ ვან დეიკმა, და ახალწვეულმა ფაბიუ კარვალიუმ დაამატეს. ერთიც საკუთარ კარში სტუმარმა კრის მეფამმა შეაგდო.

ბორნმუთელთა თავკაცმა, სკოტ პარკერმა კი ეტყობა ვერ გათვალა რას იზამდა ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩის შემდეგ „ლივერპული.“ ყოველ შემთხვევაში, სტუმართა დაცვა „თავისთვის ცხოვრობდა,“ საყრდენი ზონა კი საერთოდ არ არსებობდა. შედეგიც სახეზეა.

ეს იურგენ კლოპის გუნდის პირველი გამარჯვებაა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.

დღის გვიან შეხვედრაში კი „არსენალს“ „ფულემთან“ გაუჭირდა. თავიდან აგებდა, მაგრამ მარტინ ედეგორმა გათანაბრა და გამარჯვებისა „მეთოფეებმა“ 86 წუთზე გაიტანეს. ბრაზილიელმა მცველმა, გაბრიელმა იყოჩაღა.

ამრიგად, ქულადაუკარგავი პრემიერლიგაში მხოლოდ „არსენალია“ და პირველ ადგილზეც დამსახურებულად დგას.

ინგლისი

პრემიერლიგა

4 ტური. 27 აგვისტო

საუთჰემპტონი - მანჩესტერი 0:1

საუთჰემპტონი. „სენტ-მერისი“

0:1 ფერნანდეში (55)

საუთჰემპტონი: ბაზუნუ, ჯენელო (პერო 89), სალისუ, ბელა-კოტშაპი, უოკერ-პიტერსი, უორდ-პროუზი, ლავია, ადამ არმსტრონგი (მარა 77), ელიუნუსი (სტიუარტ არმსტრონგი 63), არიბო (ლიანკო 89), ადამსი

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მანჩესტერი: დე ხეა, მალასია, მარტინესი, ვარანი, დალოტი, მაკტომინეი, ერიკსენი (ფრედი 90+2), ელანგა (კაზემირო 80), ფერნანდეში, სანჩო (რონალდუ 68), რაშფორდი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: დალოტი (51), მაკტომინეი (83), ფრედი (90+6)

სიტი - კრისტალ პალასი 4:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 სტოუნზი (4 საკ. კარში), 0:2 ანდერსენი (21), 1:2 ბერნარდუ სილვა (53), 2:2, 3:2, 4:2 ჰოლანდი (62, 70, 81)

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, სტოუნზი, კანსელუ (გიუნდოგანი 61), როდრი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი (პალმერი 89), ფოდენი, ჰოლანდი (გომესი 84), მაჰრეზი (ალვარესი 61)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კრისტალ პალასი: გუაიტა, მიტჩელი (რიჩარდსი 57), გეჰი, ანდერსენი, უორდი, კლაინი (ოლისე 74), ეზე, დუკურე, შლუპი, აიუ (მატეტა 74), ედუარი (ჰიუზი 67)

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ფოდენი (86); მატეტა (86), გეჰი (88)

ლივერპული - ბორნმუთი 9:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 დიასი (3), 2:0 ელიოტი (6), 3:0 ალეკსანდერ-არნოლდი (28), 4:0 ფირმინო (32), 5:0 ვან დეიკი (45), 6:0 მეფამი (46 საკ. კარში), 7:0 ფირმინო (63), 8:0 კარვალიუ (81), 9:0 დიასი (85)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი (კლარკი 83), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 69), ფაბინიო, ჰენდერსონი (ბაიჩეტიჩი 70), ელიოტი (კარვალიო 46), დიასი, სალაჰი, ფირმინო (მილნერი 69)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბორნმუთი: ტრავერსი, სენსი, მეფამი (ბევანი 82), სმიტი (სოლანკე 46), ზემურა, ლერმა, კუკი (პირსონი 77, მარკონდესი 82), კრისტი (ბილინგი 46), ტავერნიე, ენტონი, მური

მწვრთნელი: სკოტ პარკერი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: სმიტი (35)

არსენალი - ფულემი 2:1

ლონდონი. „ემირეითსი“

0:1 მიტროვიჩი (56), 1:1 ედეგორი (64), 2:1 გაბრიელი (86)

არსენალი: რემსდეილი, ტირნი (ნკეიტა 61), გაბრიელი, სალიბა, უაითი, ელნენი, ჯაკა, მარტინელი, ედეგორი (ჰოლდინგი 90+5), საკა, ჟეზუსი (ტომიასუ 89)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ფულემი: ლენო, ტეტე (მბაბუ 79) , რიმი (სტანსფილდი 88), ადარაბიოიო, რობინსონი, პალინია (ჩალობა 88), რიდი, დე კორდოვა-რიდი, კებანო (კერნი 69), პერეირა (დიოპი 79), მიტროვიჩი

მწვრთნელი: მარკუ სილვა

მსაჯი: ჯარედ ჯილეტი

გაფრთხილება: უაითი (36), ჟეზუსი (44); პალინია (44), რობინსონი (51), დე კორდოვა-რიდი (70)

ჩელსი - ლესტერი 2:1

1:0, 2:0 სტერლინგი (47, 63), 2:1 ბარნსი (67)

გაძევება: გალახერი (28)

ბრაიტონი - ლიდსი 1:0

1:0 გროსი (66)

ბრენტფორდი - ევერტონი 1:1

0:1 გორდონი (24), 1:1 იანელტი (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130855