ჭიდაობა

19:04 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ორი ქართველი ფინალში გავიდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა.

თუმცა სანამ ფინალისტებზე ვიტყოდეთ, მანამდე ვთქვათ, რომ დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდნენ თამაზ ღლონტი და რომეო ბერიძე. ღლონტმა (55 კგ) რეპეშაჟის პირველ წრეში ირანელ სეიედარაშ ნეგაჰდარი 4:1 დაამარცხა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თავად დამარცხდა ყირგიზ ნურისტან სუიორკულოვთან (1:5). ბერიძემ (63 კგ) რეპეშაჟის პირველ წრეში თურქ აზათ სარიართან 1:3 წააგო და მედალი ვერც მან მოიპოვა.

ნიკა ბროლაძემ (67 კგ) ფინალში გასვლა მოახერხა და გზას იაპონელი რიოჰმა ტოიოტა (9:1), ხორვატი ლუკა ივანჩიჩი (11:0), ფინელი ნესტორი კალე მიკაელ მანილა (8:0) და ირანელი სეიედ დანიალ სოჰრაბი (9:3) ჩამოიშორა. ხვალ ის ფინალში აზერბაიჯანელ ქანან აბდულაზადეს შეხვდება.

ფინალში იჭიდავებს აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ.), რომელმაც ჩეხი მარეკ ვრბა (5:3), ინდოელი როჰიტ დაჰიია (9:0) და უკრაინელი რუსლან აბდიევი (5:1) დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის ხვალ ირანელ ალირეზა აზიზხოონ მოჰმადიპიანის დაუპირისპირდება.

ასპარეზობას გამოეთიშა თემურ ორჯონიკიძე (72 კგ), რომელმაც თურქ ომერ ჯან დოღანს 10:1 მოუგო, შემდეგ კი უნგრელ ატილა ტამას ტოესმაგისთან 1:3 წააგო და ვინაიდან უნგრელი ფინალში ვერ გავიდა, ქართველი რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა. დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) პირველივე შეხვედრა დათმო აზერბაიჯანელ ნიჰატ ზაჰიდ მამადლისთან (0:11) და რადგან მისი მძლეველი ფინალში ვერ გავიდა, ხაჩიძემ მედლის შანსი დაკარგა. ანალოგიურად, პირველივე ბრძოლა წააგო ლაშა ბოლქვაძემ კონორ სამეტთან, ხოლო გერმანელმა მომდევნო შეხვედრა წააგო და ქართველმა ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომელიც საქართველომ ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113939