ჩოგბურთი

4:00 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარენო ბუსტამ კარიერაში პირველად მოიგო მასტერს 1000-ის ტიტული

იმის მიუხედავად, რომ კანადის ღია პირველობის ფინალში, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან პირველი სეტი დათმო, ესპანელმა პაბლო კარენო ბუსტამ მაინც მიაღწია გამარჯვებას (3-6, 6-3, 6-3) და პირველად გახდა მასტერს 1000-ის სერიის ტურნირის ჩემპიონი. ამ ტრიუმფის წყალობით, ის რეიტინგში 23-დან მე-14 ადგილზე გადავიდა.

„გთხოვთ, თუ მძინავს, არ გამაღვიძოთ, რადგან დიდ სიამოვნებას ვღებულობ“, დაჯილდოების ცერემონიისას განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ფინალში გასვლამდე, გზიდან რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფი იტალიელი მატეო ბერეტინი და მე-12 ადგილზე მყოფი იტალიელი იანიკ სინერი ჩამოიცილა.

ჰურკაჩმა თამაში კარგად დაიწყო და პირველმა მიაღწია ბრეიკს. ეს უპირატესობა მან სეტის ბოლომდე შეინარჩუნა და ის თავის სასარგებლოდ დაასრულა. მაგრამ მეორეში კარენო ბუსტამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და პირველი სამი გეიმი მოიგო. ამჯერად მან შეძლო სეტის მოგება და ანგარიშის გათანაბრება - 1-1.

თამაშის ბედ მესამე გეიმში გადაწყდა, რომელიც ესპანელმა მეტოქის მოწოდებაზე მოიგო და 2-1 დაწინაურდა. კარენო ბუსტამ ამჯერადაც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

„არ ვიცი, ეს როგორ შევძელი. ვცდილობდი, რაც შეიძლება სწრაფად მეთამაშა. თამაშის ბედს ერთი ქულა წყვეტს ხოლმე და ამჯერად მისი მოპოვება მე შევძელი. მისმა მოპოვებამ თავდაჯერება შემმატა“, - განაცხადა კარენო ბუსტამ.

„მან მართლაც საოცრად ითამაშა. ვულოცავ ამ გამარჯვებას. მისთვის ეს ჯერჯერობით უდიდესი მიღწევაა. მან ეს დაიმსახურა“, - განაცხადა ჰურკაჩმა, ვისაც ასევე მასტერს 1000-ის ერთი ტიტული აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114282